Marani Logo

Wine Glossary

დელიკატური (Delicate)

ღვინო მსუბუქი რბილი გემოთი, სურნელოვანი და მკვრივი.

დემეტალიზირებული

ღვინო, რომელიც გაწმენდილია ჭარბი რაოდენობის მეტალებისაგან.

დიდი კასრი (Tun)

ძალიან დიდი კასრი ღვინის შესანახად – ზოგიერთ მათგანში შეიძლება 300,000-მდე ბოთლი ღვინო ჩავიდეს.

დიდი მოსავალი/წელი (Big vintage/year)

ეს ტერმინები აღნიშნავს კარგ წლებს, როდესაც  განსაკუთრებულმა ბუნებრივმა პირობებმა ხელი შეუწყო ჩვეულებრივზე უკეთესი ღვინოების წარმოებას. ეს ტერმინები შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობითაც იყოს გამოყენებული, რათა აღწეროს წელი, როდესაც მიღებული იქნა დიდი მოსავალი.

დიდი ღვინო (Big wine)

სადეგუსტაციო ტერმინი, რომელიც აღწერს სავსე ღვინოს განსაკუთრებით მძლავრი გემოთი.

ელეგანტური (Elegant)

(დახვეწილი, ნატიფი) სადეგუსტაციო ტერმინი; განსაკუთრებით ხარისხიანი ღვინო, ჰარმონიული ფერით, გაწონასწორებული არომატით და სასიამოვნო თაიგულით, რომელიც კარგადაა დაძველებული.

ელზასი (Alsac)

საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რაინის ველში მდებარე მხარე, რომელიც თეთრი ღვინოებითაა ცნობილი. ამ ღვინოების დასამზადებლად გამოიყენებენ მუსკატს, რისლინგს, ნაცრისფერ პინოს, შილვანერს. ელზასის 90-ზე მეტი თვალწარმტაც სოფელში ზვრები ტერასებადაა გაშენებული. ელზასში წარმოებული ღვინოები გამოირჩევა არომატით, მრავალფეროვანი ხასიათით, მსუბუქიდან სრულამდე. ელზასი აწარმოებს აგრეთვე ტკბილ ღვინოებს გვიან შემოსული ყურძნისგან; წითელი ღვინოები იშვიათია, მათი უმრავლესობა შავი პინოსგან მზადდება.

ენვერო (Envero)

წლის დრო, როცა ყურძენი ფერის შეძენას იწყებს.

ენოლოგია (Enology)

მეცნიერება ღვინის და ღვინის დამზადების შესახებ.

ენოფილი (Enophile)

ღვინის მოყვარული, ან ღვინის მცოდნე.