Marani Logo

რთველი 2010 ანგარიში

30 სექტემბერი 2010

კლიმატური პირობები ყურძნის მოყვანისთვის ყოველ წელს განსხვავებულია. განსაკუთრებით თვალში საცემია ეს კახეთში (საქართველო); აქ ამინდის მოულოდნელი ცვალებადობა შესაძლოა კავკასიონის ქედის სიახლოვით იყოს განპირობებული. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2010 წელი იყო. თუმცა, საბოლოო შედეგებით და მოწეული ყურძნის ხარისხით თუ ვიმსჯელებთ, ეს წელი ერთ-ერთ საუკეთესოდ შეიძლება მივიჩნიოთ.
2010 წელი ცივი და მშრალი იანვრით დაიწყო (-4-10°C), რომელსაც წვიმიანი და თოვლიანი თებერვალი ჩაენაცვლა. მარტი უმეტესად მზიანი გამოდგა და შესაძლებლობა მოგვცა ზამთრის ყველა სამუშაო (გასხვლა და დაკავება) დაგვესრულებინა აპრილის ბოლოსთვის. ზამთრის თოვლმა და მარტის იშვიათმა წვიმებმა საკმაო სინოტივე შეიტანა ნიადაგში, რამაც განაპირობა ვაზის მწვანე მასის სტაბილური ზრდა. მაისის ბოლოს ყვავილობის პროცესს დაერთო ამინდის ხანგრძლივი ცვალებადობა; თუ ყვავილობის პირველი ნახევარი მზიანი და მშრალი იყო, მეორე პერიოდი ნოტიო და ცივი გამოდგა, რამაც მტევნების მსხმოიარობაზე და მარცვლის განლაგებაზე იმოქმედა და ვაზმა მომცრო და მეჩხერი მტევნები მოისხა. 
ივნისისა და ივლისის პირველი ნახევარი წვიამიანი იყო. დაავადებებისთვის ხელსაყრელი პირობების მიუხედავად, მევენახეებმა დღე და ღამე გაასწორეს, რომ ვაზი სოკოვანი დაავადებებისაგან დაეცვათ. ზაფხულის მეორე ნახევარი რადიკალურად ცხელი და მშრალი აღმოჩნდა, ცალკეულ დღეებში ტემპერატურამ 38 °C კი მიაღწია. ასეთ პირობებში ჩვეულებრივ მოსალოდნელია ადრეული რთველი, ყურძენი გადამწიფებული არომატებით, უმწიფარი ტანინებით და სპეციფიკური გემოთი. ეს არ მოხდა და ჩემის აზრით, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა 2010 წლის მოსავლის მაღალი ხარისხი. უპირველესად, ვენახის რიგებში შენარჩუნებულმა ბალახის საფარმა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ხელუხლებლად ვტოვებთ, გადამწყვეტი გავლენა იქონია ნიადაგის სტრუქტურაზე, ნიადაგის მიერ წყლის შეყოვნების უნარზე და შესაბამისად, გვალვიანი პერიოდის მარტივად გადატანაზე, ვაზის მინერალებით მომარაგებასა და ტემპერატურის შემცირებაზე. მეორეს მხრივ, პაპანაქება დღეებს ენაცვლებოდა გრილი ღამეები და დღე-ღამის ტემპერატურული ამპლიტუდა 20 გრადუსს აღწევდა. ამასთანავე, სექტემბრში მნიშვნელოვნად აგრილდა, რამაც გადაწია რთველის დაწყება და მიუახლოვა მრავლაწლიან საშუალო ვადებს. 
რთველი დაიწყო 30 აგვისტოს და ერთი თვის თავზე, 30 სექტემბერს, დასრულდა.
2010 წელს 1300 შავი ყურძენი მოვიწიეთ, უმეტესად საფერავი (80 %). თეთრი ყურძნის მოსავალმა 900 ტონა შეადგინა (რქაწითელი (50%), მწვანე (30%) და ქისი (10%).