თელავის ღვინის მარნის 2011 წლის რთვლის ანგარიში25 დეკემბერი 2011
ჩვენი ვენახების რთველი დავიწყეთ 14 სექტემბერს და დავამთავრეთ 24 ოქტომბერს. ეს იყო ყველაზე გვიანი რთველი ბოლო 13 წლის მანძილზე.
მეღვინეობა იმითაც არის საინტერესო, რომ ყოველწლიურად ბუნება ახალი გამოწვევის წინაშე გაყენებს წინა წელიწადთან განსხვავებული ამინდით, შესაბამისად ყურძნის მომწიფების განსხვავებული პირობებით და ამ ყოველივეს შესაბამისად განსხვავებული ღვინით. 2011 წელი ამ მხრივ აბსოლუტურად განსაკუთრებული იყო, ყოველ შემთხვევაში იმ ზონაში სადაც ჩვენი კომპანიის უმთავრესი ზვრები, კონდოლის ვენახებია განლაგებული.
2011 წლის იანვარი საკმაოდ მშრალი იყო საშუალო ტემპერატურით ნულის ირგვლივ. თებერვალშიც ანალოგიური ტემპერატურა გაგრძელდა, ინტენსიური თოვლით თვის ბოლოს, რომელიც მარტშის ამინდსაც გადაყვა პირველ დეკადაში. წლის პირველ კვარტალში ასეთ ამინდს ხელი არ შეუშლია ჩვენთვის დროულად და ხარისხიანად ჩაგვეტარებინა აგრო-ვადებით გათვალისწინებული ყველა სამუშაო. აპრილი წლიურ საშუალო მაჩვენებელზე დაბალი ტემპერატურით იყო გამორჩეული, რამაც თავის მხრივ განაპირობა კვირტის გაშლის მეტნაკლებად 3-4 დღით დაგვიანება სხვადასხვა ვაზის ჯიშების მიხედვით. ამას ემატება პირველი სეტყვა რომელმაც საგრძნობი ზარალი მიაყენა ვენახის დასავლეთ ნაწილს. მაისის თითქმის ყოველ დღე ცივი და წვიმიანი იყო. წვიმდა ზოგჯერ დღეშიმ ორჯერაც, ამას თან დაერთო სასტიკი სეტყვა, რომელმაც, როგორც შემდგომ გაირკვა პრაქტიკულად გაანადგურა მოსავლის 50%. ივლისი ასევე ცივი და წვიმიანი იყო, განსაკუთრებით პირველ დეკადაში, რამაც ყვავილობის საშუალო, მრავალწლიანი ვადები ორი კვირით გადასწია.
ივლისი და აგვისტოს დასწყისი საკმაოდ ცხელი და მშრალი გამოდგა, ზოგიერთ დღეს ტემპერატურა 36-37°C-მდე ადიოდა. ამ პერიოდში საგრძნობ ტენის ნაკლებობას განიცდიდა ვენახის ის ნაწილი რომელიც ქვიან და ხირხარტიან ნიადაგზეა გაშენებული. საბედნოეროდ აგვისტოს პირველ დღეებში მოსულმა ორჯერადმა, ინტენსიურმა წვიმამ გამოასწორა ეს ხარვეზი. საბოლოო ჯამში აგვისტო არაჩვეულებრივად გრილი და წვიმიანი გამოდგა. ტემპერატურა ზოგიერთ დღეს 11 °C-მდე დაეცა. ჩვენი ვარაუდით სწორედ ეს გამოდგა ყურძნის რთველის დაგვიანების მთავარი მიზეზი. სექტემბერი და ოქტომბერი ასევე საკმაოდ გრილი და უნალექო გამოდგა, რამაც ხელი შეუწყო მწიფობის პროცესის ხანგრძლივ და თანაბარ განვითარებას. შედეგად ყურძნის პოლიფენოლური სიმწიფე დადგა შედარებით დაბალი შაქრიანობის ფონზე, რაც საბოლოოდ დადუღებულ ღვინოში გამოვლინდა 2010 წლის მოსავალისგან განსხვავებით მაქსიმალური ალკოჰოლის შედარებით დაბალი მაჩვენებლებით.
ქინძმარაულის ვენახებში ვაზის განვითარება და მომწიფება პრაქტიკულად დაემთხვა კონდოლის ვენახს, იმ განსხვავებით რომ ქინძმარაულში სეტყვა არ ყოფილა და მოსავალიც სრულად მივიღეთ. საფერავის ბიოლოგიურ ვენახში, რომელიც ასევე ქინძმარაულის მევენახეობის კონტროლირებად ზონაშია გაშენებული და უკვე სამი წელია გადავიყვანეთ ორგანული მოვლის მეთოდზე, როგორც წინა წლებში, წელს ყურძნის მოსვლიანობა მცირე იყო, რაც განპირობებულია ივლის-აგვისტოში მწვანე რთველის ჩატარებით და მოსავლის ხელოვნური შემცირებით.
საბოლოო ჯამში, 2011 წელს ყურძნის მწიფობის პერიოდი მიუხედავად ამინდის ჭირვეულობის და ცვალებადი ტემპერატურის, ბოლო ფაზაში, სექტემემბერ-ოქტომბერში გამორჩეული იყო მშრალი ამინდით და ზომიერი ტემპერატურით, რამაც განსაკუთრებით წითელი ყურძნის ჯიშები განაპირობა სრული პოლიფენოლური სიმწიფე შედარებით დაბალი შაქრიანობის ფონზე. ამ ეტაპზე უმეტეს ღვინოებში ვაშლრძემჟავა დუღილი არ არის დამთავრებული, მაგრამ ტესტირების შეეგები ერთმნიშვნელოვნად მიგვითითებს ერთ-ერთ გამორჩეულ მოსავლის წელზე.
|