Marani Logo

Wine Glossary

შუშხუნა ღვინო (Sparkling wine)

ღვინო, რომელიც ნახშიროჟანგის გაზის ბუშტულებს შეიცავს. ეს გაზი დადუღების თანა პროდუქტს წარმოადგენს.

ჩალისებრი (Straw)

სუფთა თეთრი ღვინო, რომელსაც ჩალისფერი დაჰკრავს.

ჩამოსხმულია შატოში (Chateau Bottled)

ნიშნავს, რომ ღვინო ჩამოსხმულია ბოთლებში იმ შატოში, რომლის სახელიც მითითებულია ეტიკეტზე. ეს პრაქტიკა შემოღებული იქნა საფრანგეთში, განსაკუთრებით ბორდოში, ფალსიფიცირებასთან საბრძოლველად. ყველა ხარისხიანი ფრანგული ბორდოს ღვინოების ეტიკეტზე მინიშნებულია: “ჩამოსხმულია შატოში” (“Mis en bouteille au chateau”) ან “ჩამოსხმულია მამულში” ("Mis en Bouteille au Domaine"). ეს ღვინოები მაღალი ხარისხისაა. დღესდღეობით ძნელია იმის მტკიცება, რომ შატოში ჩამოსხმული ღვინო სხვებზე მაღალი ხარისხისაა.

ჩინური

ქართლის თეთრყურძნიანი აბორიგენული ჯიში. მისი სახელწოდება წარმოსდგება "ჩინებულისაგან" (საუცხოო). გამოირჩევა, როგორც მაღალხარისხოვანი საღვინე ჯიში. მისგან ამზადებენ სუფრის ღვინოებს. იყენებენ შამპანურის ღვინომასალად.

ჩხავერი

გურიის ვარდისფერი ყურძნის აბორიგენული ჯიში. მისგან დამზადებული ღვინოები გამოირჩევა სინაზით, სასიამოვნო გემოთი და ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით.

ჩხვლეტა (Prickle)

ზოგიერთ ახალგაზრდა ღვინოში არსებული ძალიან წვრილი ბუშტულები.

ცინცხალი (Crisp)

ნორჩი და ცოცხალი ღვინო მჟავიანობის კარგი წონასწორობით.

ციცქა

იმერეთის თეთრყურძნიანი ვაზის აბორიგენული ჯიში. მისგან აყენებენ მაღალხარისხოვან სუფრის ღვინოს.

ცოლიკაური

იმერეთის თეთრყურძნიანი ვაზის უნიკალური აბორიგენული ჯიში. გამოირჩევა ძვირფასი სამეურნეო თვისებებით, სოკოვან დაავადებათა მიმართ კარგი გამძლეობით, უხვმოსავლიანია. მისგან დამზადებული ღვინო საკმაოდ მაღალი ხარისხისაა.

ცოცხალი (Lively)

ღვინო მაღალი მჟავიანობით და ცოცხალი, ქორფა გემოთი. ეს ტერმინი გამოიყენება აგრეთვე შუშხუნა ღვინოებისათვის სასიამოვნო შუშხუნით.