Marani Logo

კომპანიის ისტორია

კავკასიონისა და ცივ-გომბორის მთაგრეხილებს შორის 110 კილომეტრის მანძილზე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთამდე გადაჭიმულ მდინარე ალაზნის ზღაპრულ ველზე მდებარეობს მეღვინეობის უძველესი რეგიონი – კახეთი, საკუთარი ენოლოგიური ტრადიციებით, ისტორიით, საქართველოში ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი მევენახეობის კონტროლირებადი ზონებით და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისათვის იდეალური პირობებით. თეთრი და წითელი ყურძნის ჯიშები თანაბრადაა გადანაწილებული 22 500 ჰა ფართობის ვენახებში, რომლებიც ზღვის დონიდან 250-650 მ სიმაღლეზეა გაშენებული. აქ არის 7 ძირითადი ადგილწარმოშობის ზონა. მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე  წინანდლის, ვაზისუბნის, ახაშენისა და მუკუზანის ზონებია შეფენილი, ხოლო კავკასიონის  თვალწარმტაც მთისწინეთში მდებარეობს ნაფარეულის, ყვარელისა და ქინძმარაულის მიკროზონები. ეს ის ადგილწარმოშობის ადგილებია, რომელთაც მსოფლიოში სახელი გაითქვეს ელეგანტური თეთრი  და სრულსხეულიანი და კომპლექსური წითელი ღვინოებით. 

 

ალაზნის ველის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს კახეთში სიდიდითა და მნიშვნელობით პირველი ქალაქი – თელავი. 1915 წელს სწორედ ამ ქალაქის მახლობლად, ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაარსდა თელავის ღვინის მარანი. საუკუნეზე მეტია, რაც ჩვენს მარანში ისტორია და ინოვაცია ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. ვინარჩუნებთ რა კახეთის მეღვინეობის ტრადიციებისადმი ერთგულებას,  ფეხს ვუწყობთ თანამედროვეობას და ჩვენს ისტორიულ გამოცდილებასთან მეღვინეობის უახლესი მეთოდების ადაპტაციით  ვქმნით ღვინოებს, რომლებიც სიამოვნებას ანიჭებს ყველაზე დახვეწილი გემოვნების მქონე მომხმარებელს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. თელავის ღვინის მარანის ღვინოებში განსხეულებულია ქართული მეღვინეობა-მევენახეობის ინდივიდუალობა, მრავალსახეობა და  ჩვენი მისწრაფება - საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ ადგილობრივი ყურძნის ჯიშების მრავლფეროვნების, კლიმატური პირობებისა და ნიადაგების გამორჩეული თანაფარდობა.