ქართული კულტურა და ტრადიცია წარმოუდგენელია ქართული სუფრისა და მისი თანამდევი ინსტიტუტების გარეშე. ეს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული და დახვეწილი რიტუალია, რომელიც უფრო ლოცვას ჰგავს, ვიდრე მხოლოდ კოლექტიურად სმა-ჭამასა და მოლხენას. სუფრას უძღვება თამადა, ორგანიზატორი და მოძღვარი და სუფრის წევრებთან ერთად ადიდებს, ავედრებს და შესთხოვს უფალს ქვეყნის, ხალხის, სტუმარ-მასპინძლის, სუფრის წევრთა ჯანმრთელობასა და სიყვარულს, ქართული სუფრა არ ივიწყებს არც ცოცხლებს და არც მიცვალებულებს, არ ივიწყებს თითოეულ ძვირფას ადამიანს სანათესავო, სამეგობრო, საახლობლო წრიდან, ხოტბას ასხამს ადამიანის ღირსებას, მის დადებით თვისებებს და განავრცობს ქვეყნისა და ერის მასშტაბით. ყოველივე ზემოთქმული ხორციელდება წმინდათაწმინდა სითხით –ღვინით ცალკეულ სადღეგრძელოებში, რომელთაც ახლავს მჭერმეტყველება, პოეზია, ცეკვა და სიმღერა. ქართული სუფრა ნიჭის ზეობაა და არა ღრეობა – იგი ქართველი ერის სულიერი საგანძურის ნაწილია, რომელსაც გაფრთხილება და გადარჩენა ესაჭიროება.
ყოველივეს, რასაც შემდგომ წაიკითხავს ქართული ვაზით, სუფრითა და ღვინით დაინტერესებული მკითხველი, შეკრებილი და განზოგადებულია ავტორის მიერ, რომელმაც არა მხოლოდ მოიძია არსებული ლეგენდები და მითები, თავი მოუყარა სადღეგრძელოებსა და ისტორიული ცნობებს, არამედ საკუთარი წარმოსახვითაც შეავსო და გაამდიდრა არსებული მასალა და ერთიან ჟანრობრივ სტილისტიკაში გამთლიანებული წარუდგინა ფართო აუდიტორიას.
ამბავი ანდერძისა
ამას წინათ ერთ ტკბილ ტრადიციულ ქართულ ოჯახურ ნადიმზე, სადაც კარგად იციან ქართული სუფრის მადლი, კარგი ღვინის გემო, და თამადის ენამზიანობის ჭეშმარიტი ფასი, ცნობილმა თამადამ ზე ასწია ლალისღვინიანი სასმისი და ღვთის სადიდებლის შემდგომ მოულოდნელად დაარღვია სადღეგრძელოთა თანამიმდევრობის წესი და რიგი, უწინარესად დიდ წინაპართა სადღეგრძელო შესთავაზა დამსწრე საზოგადოებას და იქვე განმარტა: „ბატონებო, დღეს აქ შევიკრიბეთ ერთობ მნიშვნელოვანი მიზეზით, რასაც ეს გაცრეცილი დღიური იტევს და რომელიც ამ ოჯახის მასპინძლის დიდი ბაბუის ანტონ აბაშიძის საკუთრებას წარმოადგენდაო...“ დღიურმა სწრაფად მოიარა სუფრის წევრები და ერთსულოვანი გაოცება და აღტაცება დაიმსახურა. ეს დღიური კი აღმოჩნდა მცირე კრებული სადღეგრძელოების, სხვადასხვა დროს ჩაწერილი კომენტარებისა და ისტორიული ცნობებისა ქართული ვაზის, ღვინისა და სუფრის შესახებ, რომლებიც შემოგვინახეს, შეკრიბეს, და დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა.
"საქმე იმაშია, - განაგრძო თამადამ - რომ ჩვენმა მასპინძელმა ანუ, ანტონ აბაშიძე (უმცროსმა) თვენახევრის წინ შორეული ნათესავის, ოთხმოცდამეცამეტე წელში გადამდგარი და ნიკრისის ქარებით ტანჯული, მაგრამ წარმატებული მეწარმე და მეცენატი, რესტორნების ქსელის "ბარაქას" მფლობელის სალვატორე (ჯორჯო) მარნელისაგან მოულოდნელად სოლიდური მემკვიდრეობა მიიღო, რომლის უმთავრეს ღირსებად თავად ჯორჯო-სალვატორეს ბუკინისტურ იშვიათობად ქცეული წიგნების უნიკალური ბიბლიოთეკა მიაჩნდა.
რომ არ დაგღალოთ ზედმეტი დეტალების აღწერით, მოკლედ ვიტყვი, რომ ატლანტას ჯორჯიაში აწ გარდაცვლილ ჯორჯო-სალვატორე მარნელისა და ანტონ აბაშიძე (უმცროსს) თუ რამ აახლოვებდათ და ანათესავებდათ, ეს დიდი ქართველი ბებია-ბაბუა, უმშვენიერესი და უარისტოკრატესი ანეტა ზანდუკელი-აბაშიძისა და მისი რჩეული, ანტონ (იგივე ანტოშკა) აბაშიძე გახლდათ. ეს ის ანეტაა, სიყვარულის გამო პეტერბურგსა და პარიზს ზურგი რომ აქცია, კეთილშობილ ქალთა გიმნაზიის მეორე კურსის წარჩინებულმა მოწაფემ და მატილდა გრემელდას იტალიური "ტანცკლასის" სიამაყემ, საკუთარი მშობლების უნებართვოდ სახლიდან გაპარვა არჩია და ალავერდში ჯვარი დაიწერა აბაშიძეთა იმერული შტოს შთამომავალ, იუნკრების ასმეთაურ ანტონ (იგივე ანტოშკა) აბაშიძეზე და საქორწინო მოგზაურობა არც მეტი, არც ნაკლები, გემ "ტიტანიკით" ისურვა. აბა, "ტიტანიკზე" და მის ტრაგიკულ ბედზე ვის არ სმენია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ანეტა და ანტონი ვერ მოხვდნენ ამ საუცხოო ლაინერზე, რადგან ყველა კლასის ბილეთი დაჯავშნილი დაუხვდათ, და კარგადაც მოუვიდათ, თორემ ყველა შემდგომი მოვლენა ხომ აღარ განვითარდებოდა ?... სამაგიეროდ, ახლად ჯვარდაწერილმა წყვილმა უფრო მოკრძალებული გემით "ლუზიტანიათი" მშვიდობიანად ჩააღწია ამერიკაში და ნავსადგურში ჯერაც არ იყვნენ შესულნი, რომ "ლუზიტანიას" ეკიპაჟმა და მგზავრებმა "ტიტნიკის" ტრაგიკულად დაღუპვის ცნობა მიიღეს. ანეტამ პირჯვარი გარდაისახა, ღმერთს მადლობა შესწირა გადარჩენისათვის და ჩუმი ლოცვით პატარა გიორგის მშვიდობით დაბადება შესთხოვა, რომელსაც უკვე მუცლით ატარებდა. ეს სწორედ ის გიორგია მოგვიანებით ჯორჯო-სალვატორე მარნელი რომ დაირქვა და ვისი ანდერძის თანახმად, ჩვენს მასპინძელს სოლიდური მემკვიდრეობა ერგო.
ისტორიული და იურიდიული წვრილმანების განხილვით არ დაგღლით და მარტივად აღვნიშნავ, რომ ანტონ აბაშიძე (უმცროსმა) წარმატებით დაიმტკიცა მისთვის განკუთვნილი მემკვიდრეობა, რომლის იშვიათი მარგალიტი თავად ანდერძის ავტორის თქმით, მის ბიბლიოთეკაში დაცული ერთი მომცრო რვეულია სახელწოდებით "ქართული სუფრა - მითი და სინამდვილე" და დაჟინებით მოითხოვს ამ კრებულის განახლებულ გამოცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში მემკვიდრე ანტონ (უმცროსი) დაკარგავს უფლებრივ უპირატესობას.
ანტონ (უმცროსმა) დიდხანს ეძია ყუთებში სათუთად შეფუთულ წიგნებს შორის ეს რელიქვია და ორკვირიანი ძიების შემდეგ დანტე ალეგიერის "ღვთაებრივ კომედიასა" და ფრანსუა რაბლეს "გარგანტუა და პანტაგრუელის" იშვიათ გამოცემებს შორის კიდეებშემოცრეცილი პაწია დღიური იპოვა. ქართული ორნამენტებითა და ვაზის გამოსახულებით გაფორმებული ფერებგახუნებული ყდის შიდა გვერდზე გაკრული ხელით ამშვენებდა ლათინური წარწერა: "ღვინო ქართველი კაცის ხმალია, სუფრა-სინდის-ნამუსი, ის კაცი იყავ, ვის შეჰფერის კაცსა კაცობა! საყვარელ შალვას ბაბუა ანტონისაგან... " ანტონ აბაშიძე (უმცროსს) თვალები აუწყლიანდა, შორეული გენისა და სისხლის ყივილი იგრძნო, ყელში მღელვარების ბურთი გაეჩხირა და დაიფიცა, რომ უთუოდ აღასრულებდა სალვატორე (იგივე შალვა) მარნელის ნაადერძევს. ასე დაუბრუნდა ეს დღიური ლამის საუკუნის შემდეგ საქართველოს და ხელახლა იხილა დღის სინათლე, რათა კიდევ ერთხელ შეეხსენებინა მომავალი თაობისათვის ქართული ვაზის, ღვინის, ნადიმის მნიშვნელობა და გამორჩეული ფენომენი.
ჩვენს დიდ წინაპრებს გაუმარჯოს ჩვენი მასპინძლის დიდი ბებია-ბაბუის თამადობით ! მათი კეთილი საქმეები მუდამ გზას გვინათებდეს, მათი ხსოვნა გვიფარავდეს და გვმოძღვრავდეს! მუდამ გვახსოვდეს "ვისი გორისანი ვართ !"
და დაიბადა ამ მასალის-სალვატორეს მიერ ნაადერძევი დღიურის ამონარიდების თანამედროვე ინტერნეტ სივრცეში გაცოცხლების, ადაპტირებისა და თარგმნის იდეა, რომელიც ყველა დაინტერესულ პიროვნებას გაუძღვება ქართული კულტურის, ქართული სუფრის, ქართული ღვინისა და წეს-ტრადიციების სამყაროში, რომელიც მარნიდან იწყება.
მარანს, ძველ საქართველოში გარდა ტექნიკური ფუნქციისა (მარანი-შენობა, განკუთვნილი ყურძნის დაწურვის, ღვინის დაყენებისა და შენახვის ტექნოლოგიებისათვის, აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის აზრით, ტერმინი "მარანი" წარმოსდგება ფუძიდან "მარ", რაც უკავშირდება "სა-მარ-ხს" და ნიშნავს დიდ თიხის ჭურჭელს, ანუ "მარანი" ეს არის მრავლობითად დიდი თიხის ჭურჭლის სამარხი - "სამაროვანი"), ზოგ შემთხვევაში რელიგიური დატვირთვაც კი ჰქონდა: როდესაც საქართველოს მტერი შემოესეოდა და ეკლესია-მონასტრებს დაარბევდა, (ამგვარი ეპიზოდებით კი უხვადაა გაჯერებული ჩვენი ქვეყნის ისტორია), ზოგი საეკლესიო რიტუალი, მაგალითად, ჯვრისწერა და ნათლობა, სწორედ მარანში აღესრულებოდა. უთუოდ ამან განაპირობა მარნის არქიტექტურული სტრუქტურა და მისი შემკობა გამორჩეული ორნამენტითა და დეკორით (ილია ჭავჭავაძის სიმამრის თადეოზ გურამიშვილის მარანი საგურამოში).
საქართველოში დღემდეა შემორჩენილი სხვადასხვა ტიპის მარნის უძველესი ნაშთები, რომელთა საფუძველზეც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში გეოგრეფიულ-კლიმატური თავისებურებიდან გამომდინარე, როგორც ვაზის ჯიშები, ყურძნის ხარისხი, ვენახის მოვლის წესები, ასევე ღვინის დაყენების ტექნოლოგია და მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიცია ძალზე განსხვავებული იყო: აღმოსავლეთ საქართველოში ვხვდებით დახურულ, სარდაფულ და ნახევრად სარდაფულ მარნებს, ხოლო დასავლეთში ღია და ნახევრად ღია ტიპის მარანს, რომელიც პირდაპირ ცის ქვეშაა გამართული.
მარნის აუცილებელი ატრიბუტიკის ცენტრალური ნაწილია საწნახელი, რომელიც იწყებს ყურძნის დაწურვის პროცესს. როგორც წესი, საწნახელი ერთიანი ხისგანაა გამოთლილი და სტანდარტულად სიგრძით 6-12 მეტრისაა, სიგანე - მეტრამდეა, ხოლო სიღრმე - ნახევარი მეტრი მაინც უნდა იყოს, თუმცა არის უფრო დიდი საწნახელებიც. მარანში განთავსებული თიხის სხვადასხვა ზომის ქვევრები, აგრეთვე თუნგები და ლიტრები ღვინის ასაწყავად და განსხვავებული მასალის - თიხის, ვერცხლისა თუ ოქროს, სპილენძის, ხის, რქის სასმისები: ჭინჭილა, თასი, ფიალა, ყანწი, აზარფეშა, კულა, სირჩა, ყარყარა, კათხა, კოჩხო, ჩხუტი, ფეშხუმი, ჩარექა, ხაკანა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი კაცისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობა ჰქონდა მარანს, როგორც ცხოვრების ქვაკუთხედს, რადგანც იგი როცა სახლს აშენებდა, ჯერ ყრიდა ქვევრებს, აშენებდა მარანს და შემდეგ ადგამდა მას სახლს.
ტრადიციამ ბოლო დრომდე შემოინახა ნაირგვარი მარანი, რომლებიც ქვეყნის ბუნებრივ-სამეურნეო პირობების მრავალფეროვნების შესაბამისად, მეტ-ნაკლები თავისებურებით ხასიათდება. მათ შორის გამოიყოფა ორი ძირითადი ტიპი: ღია მარანი და დახურული მარანი პირველი მათგანის სპეციფიკას შეადგენს ღია ცის ქვეშ, მიწაში ჩაფლული ქვევრები. საკუთრივ მარანში კი მოთავსებულია ყურძნის ფეხით დასაწური ხორგო-საწნახელი და მეღვინეობის სხვა ჭურჭელი. ხოლო მეორე ტიპის მარანში ქვევრებიც მოქცეულია შიგნით, "გადახურულში", ისევე, როგორც მეღვინეობის დანარჩენი ინვენტარი.
ღია მარნის გავრცელების არეალი მხოლოდ დასავლეთ საქართველოს მოიცავს. იგი ხშირია იმერეთში, ქვემო რაჭაში, ლეჩხუმში (რიონის ხეობაში), გურიაში, ნაკლები სიხშირით გვხვდება სამეგრელოში. ღია მარნის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს ღია ცის ქვეშ გამართული ჭურების ადგილ-სამყოფელი წარმოადგენს, რომელსაც აქვს საკუთარი სახელები: ჭურისთავი (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და გურია), ოლაგვანე - "საქვევრე" (სამეგრელო). იმერეთის ზოგ სოფელში ასევე დასტურდება ტერმინი "საჭურე".
იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ღია მარნის ზოგადი სახელწოდებაა ჭურმარანი. ეს ტერმინი ხშირად იხსენიება გვიანი ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს ისტორიულ საბუთებში. ეთნოგრაფიული მონაცემების მიხედვით, ჭურ-მარანი დასავლურ-ქართული კარ-მიდამოს განუყრელი ნაწილია. მეტწილად გამართულია მომაღლო ადგილას . მევენახეთა დაკვირვებით ჭურისთავზე "ჰაერი უნდა მუშაობდეს", ამასთანავე წვიმის წყალს ყველა მხრიდან უნდა "იწურავდეს". ჭურისთავი სუფთა ადგილია და საქონელი რომ არ შევიდეს, ხშირად მესრით ან შქმერის ცოცხალი ღობით არის შემოსაზღვრული.
იმისთვის, რომ ჭურებს მზემ არ დახედოს და ღვინო არ წაახდინოს, ჭურისთავი საგანგებოდ არის დაჩრდილული. ტრადიციული საჩრდილობელია კომშის, თხილის ან რცხილის ხეები - ჭურების ირგვლივ შემორგული და ერთმანეთზე ტოტებით გადაყვანილი. იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ჭურისთავზე განსაკუთრებით მოსწონთ კომშის ბუჩქების დარგვა, რადგან ის მრავალი ღირსებით გამოირჩევა. კომშის ბუჩქნარს კარგი ჩრდილი აქვს, ამასთან ეს ხე სუფთაა, მატლს იშვიათად იჩენს. რაც მთავარია მისი ფესვები მიწაში ღრმად და სწორად მიდის, რის გამოც ჭურებს დაზიანება არ ემუქრება. მისი ფოთლები ჭურების ფარფლის მოსარეცხად და ღვინის ბრკის მოსაწმენდად მოიხმარება, თვით ნაყოფს კი ღვინისათვის სასიამოვნო სუნის მისაცემად ჭურის კედელს შეახეხავენ.
რაჭაში ჭურ-მარანზე ზაფხულობით მუდმივი ჩრდილისთვის მის შორიახლოსაც ირგვება ხეები: მეტწილად კოპიტი, რომელიც ჩრდილიანია, "უსუნო", სუფთა და ლამაზი, ამასთან "ზრდაში დამყოლი". იმერეთში კი ჭურისთავს ხშირად ბროწეულის ბუჩქებიც ამშვენებს. ჭურისთავზე ჭურების განლაგების გარკვეული წესი შეიმჩნევა: დიდი, "ჩასავალი" ჭურები ჩაყრილია საწნახელთან ახლოს, დაწურული ყურძნის ტკბილი პირდაპირ რომ მიუშვან ჭურებში. მათ საშუალო ზომის ჭურები მოსდევს, სულ ბოლოს კი წვრილი ქვევრებია მოქცეული.
ღია ცის ქვეშ ჩაყრილ ჭურებს თავი საიმედოდ ეხურება. ჭურჭელს პირზე ჯერ აფარებენ "საფენს": ესაა ხის თხელი კანის "ოფიჭო", მოკუპრული ტყავი ან ბიის, ვაზის, თუ ნიგვზის ფოთლები. მას ზემოდან დაედება ხის მრგვალი სარქველი, ბადიმი ანუ როგო, სარქველზე თიხის სქელი ფენა "დაიკვერება". ეს თიხა რომ არ დასკდეს, მას ფხვიერი მიწა წაეყრება. ამგვარად თავდახურულ ჭურჭელში წვიმის წვეთიც კი ვერ ჩავა. ჭურისთავს ზედ ეკვრის მარანი, რომელიც ნაირგვარია, როგორც მასალის, ისე კონკრეტული თავისებურებების მიხედვით. მათ შორის გამოირჩევა ხის მარანი, რომელშიც გაბატონებულია შემდეგი სახეობანი.
უკედლებო ფარღალალა ფარდული- მიწაში დასობილი მუხის მსხვილი ბოძები, ყავრის ან კოროლის სახურავით გადახურული. მარნის ამ უმარტივეს სახეობას ზოგჯერ მხოლოდ ცალი მხრიდან, "სანიავოდან" თუ აქვს ლამფა აკრული. მისი ინვენტარი ძირითადად ხორგო-საწნახლით ამოიწურება. ეს სახეობა ჩვეულებრივ, სახელდახელო დანიშნულებისაა. ამგვარი მარანი მთელ დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული.
სამი მხრიდან დახურული, "პირღია" მარანი - მას მხოლოდ "ზურგი" და ორი "გვერდი" აქვს, ხოლო "წინ პირი ჭურებისაკენ ღიაა". მარანი ისე დგას, რომ "ქვენა ქარი არ ურტყამდეს წინა პირს, ზამთარში თოვლმა არ აავსოს". ეს სახეობა მეღვინეობის მრავალრიცხოვან ინვენტარსაც იტევს და ამასთან ჭურებთან მისადგომადაც მარჯვე და მოსახერხებელია. ამგვარი მარანი ხშირია იმერეთში, ნაკლებად გვხვდება რაჭა-ლეჩხუმში.
ოთხივე მხრიდან დახურული მარანი ორგვარია: ფიცრული და ძელური. ტრადიციულია ძელური მარანი, რომელიც ფიცრულთან შედარებით საგრძნობლად უფრო მკვიდრია და მოხდენილი. იმერული ეთნოგრაფიული მონაცემების მიხედვით მისი კედლები მუხის ან წაბლის გამძლე საძირკველზეა ამოყვანილი. ორად გაპობილი მუხის მორის ძელები შიგნიდან სწორია - "ფიცრული", გარედან კი ლამაზად "გაკუთხულ-გასუკული". ხის კოტებით ერთმანეთზე მჭიდროდ დაშენებული ძელები კუთხეში ყელებითაა გადაჭდობილი. მარნის კედლები ზემოდან შეკრულია ხის სარტყელებით, რომელთაც ყავრის ან კრამიტის გაწყობილი სახურავი აქვს. მარანს წინიდან, ჭურისთავის მხრიდან შებმული აქვს სადა ფიცრული კარი, ერთ-ერთ კედელში კი პატარა სარკმელი, "სასინათლოა" დატანებული. ზოგ მარანს აქვს უკანა კარიც, საიდანაც ჭურისთავზე გაუვლელად, ყურძენს შეზიდავენ ხოლმე. ასეთი მარანი ხშირია იმერეთში (ჭიათურისა და საჩხერის რაიონები), ნაკლებად არის ცნობილი - ქვემო რაჭაში, ლეჩხუმში, გურიაში, სამეგრელოში.
ხის მარანი ბეღლითურთოთხივე მხრიდან დახურულ ფიცრულ ან ძელურ მარანს წარმოადგენს, რომელსაც ზემოდან ადგას ბეღელი, რომელიც ჩვეულებრივ, ორფერდად "საბძლურად" დახურულია ყავრით. მარნის ზედა სართულზე ბეღელს ზოგჯერ ოთახი აკრავს. ბეღელი მოსავლის შესანახადაა განკუთვნილი, ხოლო ოთახი საკუჭნაოს მოვალეობას ასრულებს. აქ ჩვეულებრივ ინახება სუფრის ჭურჭელი: სასმისები და საღვინეები. მარანს ირგვლივ არტყია ფართო აივნები, რომლებიც ჩირის, ტკბილი კვერების, ყურძნისა და ხილის ჯაგნების, ჩურჩხელების გასაშრობად გამოიყენება. მარნის ეს სახეობა ნაკლებად გვხვდება რაჭა-ლეჩხუმში. ზოგიერთ ადგილებში ასევე გვხვდება ქვის მარანი, როგორც სამი მხრიდან, ისე მთლიანად დახურული. რაჭა-ლეჩხუმში ქვის მარნებსაც ტრადიციისამებრ ზემოდან ადგას ბეღელი. რაც უფრო მტკიცედ ნაგებია ხისა თუ ქვითკირის მარნები, მით უფრო მრავალფეროვანია შიგ მოთავსებული ინვენტარი. შესასვლელთან იქვე კუთხეში ჩვეულებრივ თავმოყრილია ჭურისთავის "ხელსახმარი": ჭურიდან ფხვიერი მიწის გადმოსაყრელი თოხი, აყალოს მოსახდელი ძელბარი, აყალო მიწის დასაგლეს-დასაკვერი კვეჟო-საგოზელა .. კედლების გასწვრივ ხის სადგარებზე ხორგო-საწნახელია ჩადგმული თიხის სატკბილით - ისარნით. ზოგჯერ აქვეა გამართული ჭაჭის საწნეხი საქაჩავი ანუ წბერი. მარნის კედლებსა და კოჭებზე გაწყობილია სხვადასხვა ხელსაწყო-იარაღი: ყურძნის მოსატენი მსხვილთავიანი კობულო-სატუკელა, ჭაჭის მისაწევ-მოსაწევი გრძელტარიანი ორშიმოები, გრძელტარიანი სარცხები, სათხლევეები..
ღია მარანი სავსებით შეესაბამება დასავლეთ საქართველოს ბუნებრივი პირობების თავისებურებებს.. ლიხთ-იმერეთის ჰავისა და ნიადაგის მოჭარბებული ტენიანობის გამო, "გადახურულში" ჭურების დამარხვა საზიანოა ღვინისათვის: მუდმივი "ჩერო" და უმზეობა ღვინოს "დაცდის", შმორის სუნს მისცემს. ღია ჭურისთავზე კი სასურველი სიმშრალეა: მას დილა-საღამოს მზე უდგება, ნიავიც უვლის, ხოლო ზაფხულის მოჭარბებული სიცხისაგან ჭურისთავს აქ გამართული საჩრდილობელი იფარავს; გარდა ამისა, ჭურისთავს ნიავი და წვიმაც აგრილებს: "სიგრილეში ინახავს ღვინოს". ამჟამად ღია მარნის გავრცელების არეალი შემოფარგლულია დასავლეთ საქართველოს ტერიტორიით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოსთვის ეს ტიპი სრულიად უცხოა. მაგრამ წარსულში განსხვავებული ვითარება ყოფილა. ეთნოგრაფიული და ლიტერატურული მონაცემებით დგინდება, რომ მე-19 საუკუნის ბოლოსთვის ღია მარანი არცთუ იშვიათი მოვლენა იყო ქართლში და აქა-იქ კახეთშიაც, მეტადრე სიღნაღის რაიონში. გვიანი ფეოდალიზმის ხანის აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ საბუთებში (წყალობისა და ნასყიდობის წიგნებში და სხვ.) არცთუ იშვიათად იხსენიება კომპოზიტური ტერმინი "ქვევრ-მარანი" თუ "ჭურ-მარანი", რომელიც უთუოდ ღია მარანს გულისხმობს.
არქეოლოგიური მონაცემები აღმოსავლეთ საქართველოში ღია მარნის შორეულ ტრადიციებზე მიუთითებს. ქართლის ტერიტორიაზე არა ერთგან არის მიკვლეული ადრე ფეოდალური და გვიან ანტიკური ხანების ღია მარნის ნაშთები.
დახურული მარნის გავრცელების არეალი ზოგადად მოიცავს ქართლ-კახეთს და აგრეთვე დასავლეთ საქართველოს მთის ზოლს. ღია ჭურისთავთან შედარებით აქ უპირატესობა ენიჭება დახურულ მარანს, რაც ამ მხარეთა გეოგრაფიული თავისებურებებით აიხსნება. მაგ. ქართლ-კახეთში დახურული მარანი ღვინოს იცავს ზაფხულში მოჭარბებული სიცხისა, ხოლო ზამთარში ყინვა-სიცივის მავნე ზეგავლენისაგან.
ქართული მარნის ამ მეორე ძირითად ტიპში გამოიყოფა ორი მთავარი სახეობა:
ა) მარანი - როგორც განცალკევებით მდგომი ნაგებობა და ბ) მარანი საცხოვრებელი სახლის კომპლექსში.
განცალკევებული მარანი მასალის მხრივ ორგვარია: ქვითკირის და ხის.
ეს სახეობა ძირითადად დამახასიათებელია ქართლ-კახეთისთვის, სადაც მისი რამდენიმე ქვესახეობა დასტურდება. მრავალ სოფელში თითო-ოროლად გვხვდება ძველებური ქვიტკირის მარანი, რომელიც განსაკუთრებული სიდიდით გამოირჩევა. ზოგი მათგანის სიგრზე ათ მეტრს აღემატება. მარნებს თავდაპირველად ჰქონია მიწურბანიანი სახურავი, გვიან კი ორფერდა სახურავი დაუშენებიათ. არაერთი მათგანი ქართული ხალხური ხუროთმოძღვრების საუცხოო ნიმუშად გვევლინება. თვალს იზიდავს კედლების ლამაზი წყობა, ფასადის მხრიდან ჩაყოლებული აგურის ჯვრები და ზოლები, აგურით ამოყვანილი თაღოვანი შესასვლელი მუხის მასიური ორფრთიანი კარებით. ზოგი მარნის შიდა ფართობს ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს თაღებიანი კედელი ან ხის დედაბოძი, რომელიც უხვად მოჩუქურთმებულ გრძელ ბალიშს ებჯინება. მარნის მოზრდილ წინა ნაწილში ჩაყრილია ქვევრები, პირის ირგვლივ გაწყობილი აგურით. ამგვარად მოპირკეთებულ ჭურჭელში ღვინო უფრო სუფთად ინახება. მარანში, უკან ყურძნის დასაწური განყოფილებაა. აქ, კედელთან, მთელ სიგრძეზე მიშენებულია ვეება ქვიტკირის საწნახელი, ჩვეულებრივ ორგანყოფილებიანი (ორთვალიანი) ერთდროულად სხვადასხვა ფერის ყურძნის დასაწურად განკუთვნილი. საწნახელის წინ ქვითკირისავე ბაქანია ყურძნიანი გოდრების დასადგმელად. წინიდან ბაქანში თიხის სატკბილე მილებს გამოუყვიათ თავები. ზოგ მარანში ქვევრიდან ამოღებული ნარეცხი წყლის გადასაღვრელად კედელში თახჩაა ჩატანებული, მის ფსკერზე კი გარეთ გამოყვანილი თიხის მილია ჩადუღაბებული. მარნის კედლებში დატანებულია მოხდენილი სარკმლები და თახჩა-განჯინები. აქ ჩვეულებრივ ჩაშენებულია ძველებური ბუხარი, ზოგ მარანს მოეპოვება სხვენიც - უმთავრესად ხილისა და ბოსტნეულის შესანახად.
ქართლ-კახეთის ძველებური ქვიტკირის მარნები დიდი მასშტაბის მეურნეობისთვისაა განკუთვნილი. ზოგ მათგანში ათეულობით ქვევრი დაითვლება. როგორც უკვე ითქვა, ეს მარნები ქართული ხალხური ხუროთმოძღვრების საუკეთესო ტრადიციებს განასახიერებს. მოხდენილად გაწყობილ-გამართული, "ტურფად ნაგები" ამგვარი "საღვინე სახლი" ძველთაგან მომდინარე ტრადიციით, მამაკაცთა დროსტარების, ლხინის ადგილიც იყო. ალბათ ამიტომაცაა მარნის ერთ-ერთ კედელში ბუხარი ჩაშენებული. ამასვე მიგვანიშნებს ერთ-ერთ მარანზე წარწერილი ლექსი:
"ვარ მარანი აღშენებული ზაქარია მღვდლის იაშვილისა,
მომყვანი და შემნახავი ცივად ღვინისა,
სალხინოდ მოსახმარი, შვილთა და შვილთაშვილისა.."
ეთნოგრაფიული მონაცემებით ამგვარი მარანი ხშირი იყო მე-19 საუკუნის ქართლ-კახეთში. იმავე პერიოდში შეძლებულ მემამულეებს ქვიტკირის მარნები დიდ ვენახებშიც ედგათ. ყურძენი აქვე იწურებოდა ქვიტკირისავე საწნახლებში, ხოლო დაწურული ტკბილი შემდეგ დიდ მარნებში გადაჰქონდათ. გვიანი ფეოდალური ხანის ისტორიულ საბუთებში ხშირად იხსენიება "ვენახი მისი საწნახლითა". ერთ ხალხურ ლექსში ნათქვამია:
"ბატონმა ვენახი მომცა ახალი ასაშენია,
შიგ გავაკეთე მარანი, მოვმართე საწნახელია."
აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მრავალგანაა შემორჩენილი ქვიტკირის მარნის ნაშთები შუა ფეოდალური ხანის ნაქალაქრებსა თუ ნასოფლარებზე, ეკლესია-მონასტრებისა თუ სასახლეთა კომპლექსებში. ადვილი შესაძლებელია, რომ უფრო ღრმად მიდიოდეს ამ ტერიტორიაზე ქვიტკირის მარნის მშენებლობის ტრადიცია.
განცალკევებით მდგომი ქვიტკირის მარანი იშვიათად გვხვდება დასავლეთ საქართველოს მთის ზოლში: ზემო იმერეთში (ჭიათურისა და საჩხერის რაიონები), ლეჩხუმსი (მდ. ცხენისწყლისა და ლაჯანურას ხეობები) და ზემო რაჭასა და ქვემო სვანეთში (ლენტეხის რაიონი). ქვემო სვანეთში ჩოლურისა და ჟახუნდერ-ჩიხარეშის სოფლებში დღემდეა შემონახული ქვა-კირით ნაშენები ძველი მარნის ნაშთები. ზოგ მათგანში თორმეტამდე ჭურია ჩაფლული. "ზოგი ჭური იმდენად დიდი ყოფილა, რომ კარებში არ ეტეოდა, რის გამოც ჯერ ჭურებს მარხვდნენ და შემდეგ ადგამდნენ შენობას". თუმცა აღნიშნულ მხარეებში (ლაშხეთსა და ჩოლურში) ვაზს არ აშენებდნენ, ძველად ღვინო მაინც საკმაოდ ჰქონიათ. "აქ მარნები სპეციალურად ღვინისთვის შენდებოდა და ჭურებს ავსებდნენ ლეჩხუმიდან (ნაწილობრივ რაჭიდან) მოტანილი ღვინით". რაჭაში ქვიტკირის მარნები ძველთაგანვე უშენებიათ. ნიკორწმინდის მონასტრის წინამძღვრის მიერ შედგენილ სიგელში (XI ს.) აღნიშნულია - "ნიკოლაოს წმიდას შევქმენ .. მარანი ქვიტკირი და დავჰფალ შიგან ჭური ნავარძული".
განცალკევებით მდგომი დახურული ხის მარანი მეტ-ნაკლებად გვხვდება დასავლეთ საქართველოში. იგი იშვიათია ზემო იმერეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში, შედარებით ხშირია სამეგრელოში. დასტურდება მისი ორი სახეობა: ფიცრული და ძელური ანუ ჯარგვალი. ამათგან ეს უკანასკნელი ტრადიციული, მამა-პაპურია და სამეგრელოში აქა-იქ დღემდეა შემორჩენილი. ხის მარანი ტრადიციულია რაჭისათვის. XI ს-ის დოკუმენტში ნიკორწმინდის მონასტრისათვის ხის მარნის ასენებაზეა საუბარი: "შევქმენ საწირეს.. მარანი მუხისა და დავჰფალ შიგან ჭური.."
აქვე უნდა მოვიხსენიოთ რაჭული ხის მარნის თავისებური სახეობა "მთიულთა მარანი". მოგვყავს მისი დახასიათება ეთნოგრაფ ლ. ფრუიძის მიხედვით: ცნობილია, რომ რაჭის მთის სოფლების მცხოვრებლებს ვენახები აქვთ ქვემოთ, რიონისპირა ადგილებში. იქ ხშირად აგებენ ერთსართულიან, ფიცრულ შენობას. ვენახში შეარჩევენ ისეთ ადგილს, რომელიც შედარებით მწირია (ეს იმიტომ რომ მიწა არ მოცდეს), მოასწორებენ, საძირკვლებს გასკვნიან და "ყორეს" - "ქილიკს" აიყვანენ. ქილიკის აყვანის შემდეგ კედლები დაისარტყლება, სარტყლებზე გაიმართება "დირე", რომელზედაც "დააჯენენ" ისრებს, ზედ გარდიგარდმო გადებენ "სათავეს". სათავეზე დახრილად "კაკუტები" გაეწყობა, მერე "ლოფინები" და კოროლით ან ყავრით "საბძლურად" დაიხურება. შენობას ჭერი არ გააჩნია, აქვს მიწის იატაკი და ერთი კარი. შიგნით თავსდება საწნახლები, ტკბილის მოსაკავებელი ჭურჭელი და ყურძნის დასაწურავად საჭირო სხვა ინვენტარი. საწნახლის წინ ჩაფლულია ერთი-ორი ჭური სატკბილედ და პატარა "ქვევრა" სახარჯო ღვინისათვის. რაჭული "მთიულთა მარანი" განკუთვნილია ყურძნის დასაწურად, ტკბილის დასადუღებლად და დასაყენებლად კი "სახლის მარნები" გამოიყენება.
ზოგადად ამ ტიპის გავრცელების არეალი ქართლ-კახეთს, აგრეთვე რაჭა-ლეჩხუმს და სვანეთს მოიცავს. ამგვარი მარანი განსაკუთრებით დამახასიათებელია ქართლ-კახეთისათვის, სადაც მისი არაერთი ნაირსახეობა დასტურდება. ქართლ-კახეთში ამჟამად გაბატონებულია ორსართულიანი ქვითკირის საცხოვრებელი სახლი, რომელმაც აქ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოიკიდა ფეხი. მის ზედა სართულზე საცხოვრებელი ოთახებია, დაბლა კი ჩვეულებრივ მარანია გამართული, ზოგჯერ მარანს უკავია საცხოვრებელი სახლის ნახევარსარდაფის სართული. კახეთში აქა-იქ გვხვდება ადრინდელი ქვიტკირის დიდი სახლები, რომელთა ქვედა სართული ზოგჯერ მთლიანად უზარმაზარ მარანს უკავია. თვალში მოგვხვდება მარნის ფართო ფიცრული კარი. წინა მხარეს, ჩვეულებრივ ერთი-ორი ფანჯარაცაა დატანებული. მიწურ (უიატაკო) მარანში შესვლისთანავე იგრძნობა სიგრილე. კედლებში აქა-იქ თახჩებია, ხშირად განჯინაცაა გამართული. ზოგ მარანს აქვს უკანა კარიც ეზოში - შინა ვენახში გასასვლელად. ერთ-ერთ კედელთან ხის ნავი დგას ან ქვიტკირის საწნახელია მიშენებული. ნავ-საწნახელის წინ უფროს-უმცროსობით ჩაყრილია საღვინე ქვევრ-ქოცოები, პირზე ქვის მრგვალი სარქველებით.
კედლებზე, კოჭოებზე, საკიდებზე, თახჩა-განჯინებში გაწყობილია მეღვინეობის ნაირგვარი იარაღ-ჭურჭელი: სატკბილე ღარები, ხის ნიჩბები, გრძელტარიანი სარცხები, თუ კრაზანის კონები, თიხისა და სპილენძის ხაპირები, სპილენძის თუნგები, ძაბრები. ქართლის მარნებში ხშირად გამართულია ძველებური ჭაჭის საწნეხი ხელსაწყო - საქაჯავი.
უფრო ადრინდელ ვითარებას ასახავს ქართლ-კახეთში აქა-იქ შემორჩენილი ერთსართულიანი, "დაბალი" სახლი, რომლის ერთი თვალი საცხოვრებელია, მეორეში კი მარანია გამართული. ამ სახეობის შორეულ წინაპრად უნდა მივიჩნიოთ ურბნისის ნაქალაქარზე გათხრილი VI–VIII საუკუნეების ალიზის მარნები, რომლებიც ალიზითვე ნაგებ საცხოვრებელზეა უშუალოდ მიბმული. ასევე ძველ ტრადიციებს განასახიერებს ქართლ-კახეთში ზოგან შემორჩენილი დაბალი სახლები, ზედ მიდგმული ფიცრული ან ლასტის მარნით. მარანი ქართლში წარსულში გაბატონებული ბანიან-ერდოიანი დარბაზის კომპლექსის ერთ-ერთ სათავსოდაც გვევლინება. ქვემო ქართლში, თრიალეთში, მესხეთ-ჯავახეთში სხვადასხვა ადგილას ბოლო დრომდეა შემორჩენილი დარბაზული საცხოვრებლები, საგანგებო სამეურნეო სათავსოთი, რომელსაც მარანს უწოდებენ. დაბოლოს, ამ ტიპის მარნის თავისებურ სახეობას ქმნის ციხე-მარანი. ქართლ-კახეთში აქა-იქ კიდევ გვხვდება გვიანი შუა საუკუნეების დროინდელი ცოხე-კოშკები, სადაც ქვედა სართული მთლიანად მარანს აქვს დათმობილი.
(ანდრო ლეკიაშვილის სტატიიდან "მარანი". საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ატლასი. 1980 )
ვაზის კულტი სამყაროში უხსოვარ დროს დაიბადა და შეიქმნა სარიტუალო სითხედ, რომლითაც ხოტბას აღავლენდნენ ღმერთებისადმი (დიონისეს მისტერია). ქრისტიანულ ეპოქაში იგი უთანაბრდება ქრისტეს სისხლს და მას მადლის ზიარების თვისება ენიჭება.
ვენახის განცდა და გააზრება, როგორც სიცოცხლის ხისა, როგორც სიცოცხლის მარადიული სიმბოლო, დაუკავშირდა ეპითეტის სახით მარიამ ღვთისმშობელს და ამის საფუძველი არის შემდეგი: ფიგურალურად რომ ვთქვათ, ვაზი არის მშობელი ღვინისა. ღვინო კი არის ის საკრალური სითხე, რომელიც მაცხოვრის სისხლადაა გაცხადებული, ხოლო ღვთისმშობელი არის მაცხოვრის მშობელი და მაცხოვარი თავადაა მარადიული სიცოცხლის მომტანი კაცობრიობისათვის. ყველაფერი ქმნის იმ მისტიკურ საფუძველს, რომელიც "შენ ხარ ვენახის" სახით საგალობელში იქნა განივთებული" (გია ბაღაშვილი).
საქართველოში ვაზი მარცვლეულ კულტურებთან ერთად უძველეს და უმნიშვნელოვანეს მცენარეს წარმოადგენს. ვარაუდობენ, რომ ჩვენში 500-მდე სხვადასხვა ჯიშის ვაზი ხარობდა და მათგან დღეისათვის მხოლოდ 38 გამოიყენება კომერციული კუთხით. ქართველი კაცისათვის ვაზი შვილს უთანაბრდება და ეს ნათლად ჩანს კიდეც ჩვენს ფოლკლორში: "ვაზო, შვილივით ნაზარდო !" ვაზის კულტურა ორგანულადაა შეჭრილი ქართველის სულიერებაში, მისი გამოსახულებით აგებენ ტაძრებსა და სხვა არქიტექტურულ ნაგებობებს, ვაზის გამოსახულება ცენტრალური დეკორია ქართულ ხუროთმოძღვრებაში. სწორედ ვაზის ჯვრით შემოვიდა წმინდა ნინო კაბადოკიელი საქართველოში და იქადაგა ქრისტიანობა. და რადგან საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც წმინდა ნინოს ჯვარი ვაზის ლერწით შეიქმნა, ანუ მოვიდა ახალი განათლება ქრისტიანული სარწმუნოების სახით ვაზის კულტურაზე დაყრდნობით, ვაზი ბუნების უზენაეს ქმნილებად გაცხადდა. ამდენად, ვაზი ქართველისათვის რწმენისა და მსოფლმხედველობის, სამყაროსადმი მიმართების მთავარი იარაღია და ეს აირეკლა კიდეც არა მხოლოდ პირველ წიგნში "ბიბლიაში", არამედ ქართულ ფოლკლორში, ტრადიციებსა და ზნეობაში: ვაზის კულტურა ქართველებისათვის ღვთითბოძებული სულიერი მისიაა. ქართულში ადამიანის მეს , სხეულის კოსმიურ სისტემას, ლაზური (ქართული) კოდით "ვაზი" ეწოდება. (სოლომონ თეზელიშვილი "სუფრის ისტორია").
მტერი, რომელიც შემოდიოდა საქართველოში ჩეხავდა ვაზს და ამით ებრძოდა ქართველის რწმენასა და თავისუფლბისმოყვარე სულისკვეთებას. ვაზი და ღვინო გაიდეალებულია ჩვენს კულტურაში, რაც, ბუნებრივია, ვაზისა და ღვინისადმი მიძღვნილ სადღეგრძელოშიც გამორჩეული სიცხადით წარმოჩინდება. ღვინო - "ღმერთების სასმელია, ღვთაებრივი სასმელია, სიცოცხლის, შთაგონებისა და ენერგიის ელექსირია, სიცოცხლისა და სიჭაბუკის გამახანგრძლივებელი ჯადოსნური ნექტარი, რომელიც ადამიანს ანიჭებს თავისუფლებასა და სილაღეს. საკმარისია გავიხსენოთ ქართული მუსიკალური ხელოვნების ნამდვილი შედევრი - ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან "დაისი" ცანგალას კუპლეტებად ცნობილი ოდა კახურ ღვინოს და "შენ ხარ ვენახი"- ასე ჰქვია თითქმის 1000 წლის წინ შექმნილსა და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ საგალობელს, რომლის ავტორიც საქართველოს მეფე დემეტრე I ღვთისმშობელს ადარებს ვენახს - "შენ ხარ ვენახი, ახლად აყვავებულიო". ვაზი არა მხოლოდ რწმენისა და ზნეობის სიმბოლო იყო, არამედ ეკონომიკური და სოციალური სიძლიერისა.
ძველად ადამიანი ფასობდა იმით, თუ რა ზვრების პატრონი იყო იგი:
"სიდედრო, შავგვრემანობით,
არ დაიწუნო სიძია,
სოფელში მოდი, იკითხე:
გრძელი ვენახი ვისია ?"
ვენახი ქართველის ისტორიაა, მისი სინდისი და წმენაა, მისი სიძლიერე და სიმდიდრე. პოეტ შოთა ნიშნიანიძეს აქვს ლექსი "ნატვრა":
"ვაზია ჩვენი ბიბლია და ჩვენი ანბანიც,
ქართველმა კაცმა გალობაც კი ვაზს მიამგვანა.
დიახ, ვაზია ლხინის ღმერთი, ლხინის უფალი,
ჭირნახულის და ჭირვარამის ჭირისუფალი.
"ვაზო, შვილივით ნაზარდოო"… - უთქვამს წინაპარს.
მირონი იცხო ვაზის ჯვრით და გზა გაილამპრა..."
ეს კი ამონარიდია გოგლა ლეონიძის ერთი პატარა საგაზეთო სტატიიდან, რომელიც ჯერ კიდევ 1962 წელს გამოქვეყნდა. მაშინ საქართველო „ვაზის და ღვინის საერთაშორისო კონგრესს“ მასპინძლობდა:
"ქართული ვაზი, ქართული ღვინო! არ გაუვლია ქართულ მიწაზე უცხოელ მოგზაურს, რომ ქართული ღვინის სიკეთით განცვიფრებულს, ქებითა და დიდებით არ მოეხსენიებინოს იგი! ჩვენი ვაზი უძველესია მსოფლიოში! ალბათ, ჩვენიდან არის ვაზი საერთოდ წასული და "ღვინო" ქართული სიტყვა უნდა იყოს გადასული სხვა ენებში. ქართველი ხალხის რწმენით, ღმერთმა ჯერ ვაზი გააჩინა უწინარეს ყოვლისა: "დედავაზები აკურთხა, ბალახს დასდო თავის ფერი". ჩვენი ვაზის ნაყოფიერებით ჯერ კიდევ არგონავტები გაჰკვირდნენ. სულ ახლა, გასულ საუკუნეში უნახავთ ძველი ვაზები, რომელსაც ორი კაცი ძლივს შემოაწვდენდა მკლავს. მე თვითონ მინახავს ერთი ვაზიდან გათლილი ვეება კარი ! ქართველი კაცი და ქართული ვაზი ერთმანეთის მოჭირნახულენი არიან. ქართულმა ვაზმა ქართველ კაცთან ერთად ზიდა ისტორიის სიმძიმე. გარემომდგომი მტერი - თურქი, ხაზარი, არაბი, მონღოლი, სპარსი, ლეკი უმოწყალოდ ჩეხდა, ბუგავდა, სრესდა, თქერავდა ვაზს, - როგორც ჩვენი ცხოვრების მთავარ წყაროს, - მაგრამ ნახანძრევ ნაცარში მაინც ღონეს იკრებდა დაბუგული, გასრესილი ქართული ვაზის ფესვი. ქართულ ვაზს არასოდეს არ დაუძინია. ტყუილი ნათქვამი როდია , - "ჯაგრცხილა, რქაწითელი და გლეხიკაცი ყველაფერს გაუძლებსო". აკი კიდევაც გაუძლო ისტორიის ქარტეხილს ქართულმა ვაზმა !..
"ღვინო ქართველი კაცის ხმალიაო", იტყოდნენ ძველად და, მართლაც, ლხინში, ჭირში, ომში, შრომაში, სიკვდილზე უღვინობა საქართველოში შეუძლებელია !.. ჩვენი მეურნე მამაშვილურად უვლის ვაზს, "შვილიდარს" ეძახის, ე. ი. შვილის დარს, მასავით საყვარელს. მართლაც, შვილივით აყვანილი ჰყავს ვაზი და ამაზე მეტი სიყვარული-ღა იქნება ? ამიტომაც არის, რომ შვილივით იფიცავს ვენახს: "ისე არ გამიწყრეს ჩემი ვენახის მადლი", "ისე შემეწიოს ვაზის დედა !"
რა კარგია მორცხვი შუქით განათებული ვაზის ყვავილი!
რა მშვენიერია კვირტგამოსული ვენახი! რა ტურფაა ვენახისპირას სიცილი!
რა შეედრება მზეთვალა რქაწითელს! დამკრახულ საფერავს!
რა საამოა მტევანდაგრაგნილი ვაზი, ოქროფურცელა ყურძენი! მართლაც რა გვაქვს ვაზის ანადარი? "ყურძენში თვალი შევიდა!" - რა ამაყად , რა ღიმილით იტყვის სახემზიანი ქართველი, რომელსაც ამდენი ამაგი და კეთილმზრუნველობა გამოუჩენია ვაზისადმი ! და როცა საწნახელის პირად დადგება და სამაჭრე ღარის ჩქეფას უყურებს, მაშინ აღარც ერთი ნაოჭი აღარ ემჩნევა სახეზე!
ვენახი დიდი მეჯილდოვეა! ვაზის ამჩეხი და კაცის მკვლელი ქართველი კაცისათვის ერთია! მოყვარესაც და მტერსაც ღვინით გაუძღვება იგი, სიცოცხლესაც და სიკვდილსაც ღვინით შეეგებება! იგემეთ ჩვენი ისტორიული მიწის წვენი, ჩვენი სისხლით და ოფლით მონაპოვარი ქართული ღვინო, ჯანში შეგერგოთ, ტკბილი სიტყვა გათქმევინოთ ძმობისა და მშვიდობისათვის!! დაე, ჩვენი ღვინის მადლით დალოცვილიყოს ხალხთა ძმობა, ბედნიერება და მზეგრძელობა ! დაე, მშვიდობიან ცის ქვეშ ჰყვაოდეს მუდამ ქართული ვაზი !"
"ქართული სუფრა აკადემიააო", - უთქვამთ ჩვენს წინაპრებს, რაც ნათლად მიგვანიშნებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქართველი კაცისათვის ყველა ის ფასეულობა, რომელიც ქართულ სუფრაში იგულისხმება, დაწყებული ქართული სამზარეულოთი, დამთავრებული თამადის ინსტიტუტითა და სადღეგრძელოებით. ქართული სახელმწიფოს ბედი ხშირად წყდებოდა სუფრაზე, ნადიმზე, მრგვალი მაგიდის გარშემო.
"ქართველთა გამაერთიანებელი სუფრაა" (გრ. რობაქიძე), რაც არაერთხელ დადასტურდა ისტორიული მაგალითებითაც. თამარისა და ლაშას ეპოქაში, როცა მაშინდელი "დარბაზის" ანუ "პარლამენტის" წევრები, საკუთარ სიტყვას ფიცით განამტკიცბდნენ, ეს აუცილებლად სუფრასთან, წმინდა სითხის - ჭიქა ღვინის თანხლებით ხდებოდა. არის მოსაზრება, რომ ქართული სუფრის ტრადიცია სწორედ ამ დროიდან მოდის და მისთვის დამახასიათებელი იერარქიულობა, უმცროს-უფროსობა, საუბრის რეგლამენტი და რიგითობა უშუალო კავშირშია ქართული პოლიტიკური კულტურის ფესვებთან.
ჩვენი სუფრის ტრადიციები ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია, და როგორც, ზოგადად, რთული სოციალური მოვლენა, იგი საუკუნეთა წიაღში დაიბადა, ვითარდებოდა, იხვეწებოდა, თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ჩვენამდე გარკვეული "თამაშის წესების" სახით მოაღწია.
ქართული სუფრა ეს ერთგვარი მისტერიაა, რიტუალია, რომელსაც მკაფიოდ ჩამოყალიბებული სიუჟეტი, დრამატურგია და მე ვიტყოდი, რეჟისურაც კი გააჩნია, სადაც ასევე მკაფიოდაა განაწილებული როლები და სუფრის სათითაო წევრს - როგორც სტუმარს, ასევე მასპინძელს - საკუთარი, დიდი თუ მცირე, ფუნქცია აკისრია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უმდიდრესი ქართული ფოლკლორის მსგავსად, ქართული სუფრის ტრადიციაც დინამიკურია, რაც მის მუდმივ ცვალებადობასა და განვითარების უნარში გამოიხატება. იგი ხალხურია, კოლექტიურია, იმპროვიზაციულია და ყველა ამ თვისებით ძალზე ჩამოჰგავს სათეატრო სახილველს, სადაც არის საფუძველი - ტექსტი, ანუ სცენარი, მისი ხორცშემსხმელი რეჟისორი, იგივე თამადა, რეჟისორის ასისტენტიც კი - თამადის მოადგილის სახით, ტექნიკური პერსონალი: სუფრის ე.წ. მატრიალებლები (ვინც ემსახურება სუფრას), მერიქიფე (ღვინის ჩამომსხმელი) ანუ ტოლუმბაში, მთავარი თუ ეპიზოდური როლის შემსრულებელები: ერთ შემთხვევაში იუბილარი (თუ დღეობაა) ან ნეფე-პატარძალი (საქორწინო ან ნიშნობის სუფრა), გარდაცვლილი (გლოვის სუფრაზე), წვეულების მიზეზი (ლხინის სუფრები: დღესასწაულები, პრეზენტაციები, ბანკეტები, ახალმოსახლეობა, რთველი) და ა.შ.
ქართული სუფრა, მისი ჭეშმარიტი ბუნებითა და გამოხატულებით, უფრო სულიერებასთან წილნაყარი ფენომენია, ვიდრე ხორცის ზეიმი, სუფრა ეს სკოლაა, სპექტაკლია, სულის გამამდიდრებელი თავყრილობაა, სადაც ადამიანები იკრიბებიან სულიერი თანაზიარობის სურვილითა და მოთხოვნილებით. ამდენად, ჭეშმარიტი სუფრა არასდროს გადაიზრდება ღრეობასა და წრეგადასულ ნადიმში, სადაც დარღვეულია ჰარმონია სუფრის წევრებს შორის, სადაც ერთმანეთს არავინ უსმენს და აფასებს ურთიერთის ნათქვამ-ნაამბობს, სადაც სიტყვა და განცდა უკან იხევს და ასპარეზს ხორციელ ინსტიქტებს უთმობს.
უპირველესი და უმნიშვნელოვანესი, რაც ნებისმიერი ხასიათის ქართული სუფრის საფუძველთა საფუძველს შეადგენს, არის ურთიერთმიმართება ღმერთთან და მასპინძელთან, რაც უპირობო და უკიდეგანო პატივისცემაში გამოიხატება და რამდენიმე ფრაზით შესაძლოა ასე ჩამოვაყალიბოთ: "სტუმარი ღვთისააა", ანუ ღვთის კაცია, ღმერთისაგან გამოგზავნილი ჯილდოა. ქართველი კაცი მიდის იმ სუფრაზე, სადაც პატივს სცემს მასპინძელს და ოჯახის თავს, აგრეთვე ყველა იმ პერსონას, ვინც მასპინძელთან ერთად ემსახურება სუფრას: ზოგჯერ ეს არის უშუალოდ ოჯახის წევრი ან ახლობელი, მეზობელი ან მეგობარი, მაგრამ უცხოც რომ იყოს, სუფრის ტრადიცია მომლხენთ ავალდებულებს, პატივი მიაგონ იმ ადამიანებს (ქალი იქნება თუ მამაკაცი), ვინც სუფრას აკავშირებს ერთის მხრივ სამზარეულოსთან და მეორეს მხრივ - მარანთან, ანუ ქართული კულტურის ორ მდიდარ და მრავალფეროვან კერასთან, რამეთუ ქართული სამზარეულო და "საღვინე სახლი" ანუ მარანი, (სულხან-საბა ორბელიანი), ქართველისათვის საკრალური ფენომენებია.
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ქართული სუფრა სამ უმთავრეს კომპონენტს აერთიანებს: ეს გახლავთ კარგი ღვინო, კარგი თამადა და კარგი ცეკვა-სიმღერა ანუ სუფრის კრეატიული ფენომენი. კარგი ღვინო მასპინძლის პრეროგატივაა და მის პრესტიჟსა და გემოვნებაზე მეტყველებს. კარგი თამადა კი იგივე "სუფრის უფალია" (ლევან სანიკიძე), რომელიც როგორც "მთავარსარდალი" (გურამ ურჩუხიშვილი) განსაზღვრავს სუფრის "სტრატეგიასა" და "ტაქტიკას".
ქართული სუფრის უნიკალური და გამორჩეული თავისებურება, რა თქმა უნდა, თამადის ფენომენია: თამადა, ლხინისა თუ გლოვის გამომხატველი სუფრის ხელმძღვანელად ინიშნება მასპინძლის მიერ, რაც ადასტურებს მის განსაკუთრებულ როლსა და მისიას თავყრილობის წარმართვაში. შესაძლოა, თამადა უშუალოდ მასპინძელიც იყოს, რაც იმის მანიშნებელია, რომ თავად მასპინძელი იმდენად დიდ მნიშვნელობასა და პატივს მიაგებს სტუმრებს, რომ არავის ანდობს თამადის, როგორც სუფრის წინამძღოლის, ურთულესი და გამორჩეული მოვალეობის აღსრულებას. თამადა გამოირჩევა არა იმდენად ღვინის სმის ოდენობით, (თუმც ესეც უნდა შეეძლოს, რადგან ქართული ლხინი სასმელის მიღების ერთგვარი ასპარეზობაცაა!) რამდენადაც მჭერმეტყველებით, იუმორის გრძნობით, ორატორული ნიჭით, სიმღერისა და ცეკვის, პოეზიისა და დეკლამირების მაღალი ოსტატობით. თამადა ენაწყლიანი, სხარტად მოაზროვნე, კომუნიკაბელური პერსონაა, იგი კარგად უნდა იცნობდეს თავყრილობის მიზეზსა და მონაწილეთა ვინაობას და სარგებლობდეს ნდობის მაღალი ხარისხით, საყოველთაო საზოგადოებრივი ავტორიტეტით პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე. კარგი თამადა ალხენს სტუმრებს, ათრობს მათ, მაგრამ თავად არადროს თვრება უზომოდ და სხვათაშორის, ტრადიციულად, როგორც თამდის, ასევე რიგითი მოქეიფეების ლხინში დათრობა (და მით უფრო გადათრობა), არა თუ დიდ ვაჟკაცობად არ მიაჩნდათ ჩვენს წინაპრებს, არამედ სამარცხვინო და საძრახის საქციელს უწოდებდნენ და მკაცრად კიცხავდნენ ბახუსის ზედმეტად მომხმარებელს .
თამადის მთავრი ინსტრუმენტი სუფრის გაძღოლისას სადღეგრძელოები, მათი მრავალფეროვანი შინაარსი, თანამიმდევრობა და ტემპო-რიტმის ცვალებადობაა. ამავე დროს პოეტურად წარმოთქმულ სადღეგრძელოებს ამკობს სიმღერებისა და პოეზიის თემატურად შესატყვისი ნიმუშები, რაც ზოგჯერ აგრძელებს სადღეგრძელოს სიუჟეტს, ან ამზადებს მომდევნო სადღეგრძელოსათვის საჭირო თემებს. კარგი თამადა არასდროს წარმოსთქვამს დასწავლილ, დაზეპირებულ ტექსტებს. იგი გრძნობს და მიჰყვება სუფრის შინაგან მაჯისცემას და იმპროვიზაციის წყალობით უშუალოდ ბადებს ახალი სადღეგრძელოს შინაარსს. თამადა, ეს სუფრის
ერთგვარი
თვით დისციპლინისა და ორგანიზებულობის გარანტია. იგი მაგალითის მიმცემი უნდა იყოს სუფრის წევრთათვის სიტყვა-პასუხის სისხარტეში, ზრდილობაში, სუფრის ეთიკეტისა და ეთიკის დაცვაში, სხვათა მოსმენის კულტურაში, ურთიერთპატივისცემისა და რაინდული თავშეკავების დემონსტრირებაში. ეს განსაკუთრებულად გამოიხატება სუფრის წევრ მანდილოსნებისადმი დამოკიდებულებაში, რაც არა მხოლოდ დიასახლისისა და მშვენიერი სქესის წარმომადგენლებისადმი მიძღვნილ სადღეგრძელოში აისახება. ეროვნული ადათ-წესები, თაობებს შორის უფროს-უმცროსობა, ზომიერება, ერისა და მამულისადმი ერთგულება, მსჭვლავს თამადის თითოეულ წარმოთქმულ სადღეგრძელოს, რომელიც სუფრაზე რამდენადმე ამაღლებულია და აღმატებული. რამეთუ ქართული სუფრა, ეს ადამიანებს შორის კომუნიკაციისა და ურთიერთობის მშვენიერების სადიდებელია: სადღეგრძელოში ხომ ადამიანები არა მხოლოდ იმგვარად წარმოჩინდებიან, როგორებიც არიან ისინი სინამდვილეში, არამედ კიდევ იმგვარად, როგორიც სურს წარმოსახოს იგი სადღეგრძელოს ავტორმა. ამდენად სადღეგრძელოში, როგორც წესი, აუგი არ ითქმება, ყურადღება მხოლოდ სადღეგრძელოს ადრესატის ღირსებებზეა გადატანილი და, თუ რაიმე ნაკლს მიუთითებენ, ისიც მხოლოდ კრძალვითა და უკეთესი სურვილების გათვალისწინებით.
ქართული სუფრა დემოკრატიულია, მიუხედავად იმისა რომ მისი სტრუქტურა და დინამიკა თამადას ანუ ერთპიროვნულ მმართველობას ემორჩილება. სუფრაზე რიგით წევრებს აქვთ უფლება თამადას სთხოვონ საავტორო სადღეგრძელოები და ამასთანავე ხშირია შემთხვევბი, როცა თავად თამადა გადადის სუფრის სხვადასხვა წევრებთან ე.წ. "ალავერდს", რითაც საშუალებს აძლევს ყველას, გამოთქვან საკუთარი აზრი, დამოკიდებულება და განცდა ამა თუ იმ თემასთან ან პერსონასთან დაკავშირებით. არსებობს გადმოცემა, რომ ძველად თამადას ჰქონდა უფლება, აეკრძალა სუფრის რომელიმე წევრისათვის კონკრეტული სადღეგრძელოს შესმა, როდესაც შეატყობდა, რომ იგი ზედმეტად თრობისაკენ მიდიოდა. ასეთ შემთხვევაში თამადა გასცემდა განკარგულებას, რომ მას ერთი ან მეტი სადღეგრძელო გამოეტოვებინა და მცირედი შესვენების შემდგომ კვლავ განეგრძო სმა და მოლხენა. როდესაც სუფრა და მისი წინამძღოლი თამადა ღირსეულად უძღვება საკუთარ მოვალეობას, მაშინ ჭამა-სმა ჩრდილში მოექცევა და სუფრა ნამდვილ დღესასწაულად, სანახაობად იქცევა ხოლმე, სადაც მუზების ნამდვილი ზეობაა პოეზიის, მუსიკის, ცეკვის, ფოლკლორის სახით. შემთხვევით ხომ არ უთქვამთ ჩვენს წინაპრებს: "ეს თამადა რა ყოფილა, ცოტა ღვინო გვამყოფინაო!"
თამადის მთავარი იარაღი სუფრის გაძღოლისას სადღეგრძელოებად ჩამოყალიბებული სათქმელის ხატოვნება და სისხარტეა, ხოლო სადღეგრძელოს სათქმელის მთავარ თემას განავრცობს და ამკობს სათანადო იგავი, მითი, ლეგენდა, ლექსი, კაფია, სიმღერა და ცეკვა.
ქართულ სუფრას ხშირად მისტერიას უწოდებენ, ხოლო სადღეგრძელო ეს ერთგვარი ლოცვა, დალოცვაა, სუფრის თამადისა და წევრთაგან თქმული, რომელნიც, პირობითად, შესაძლოა, რამდენიმე კატეგორიად დავყოთ: ღვთის სადიდებელი, თავყრილობის მიზეზის, თავყრილობის წევრთა, აუცილებელი და თავისუფალი სადღეგრძელოები. თამადა, როგორც წესი, თავად განსაზღვრავს სადღეგრძელოთა თემატიკასა და თანამიმდევრობას, თუმცა არსებობს ტრადიციით ნაკარნახევი სქემა, რომელსაც ერთგულებენ თამადები.
ქართული სუფრა იწყება და მთავრდება ღვთის სადიდებელითა და წმინდა სალოცავების დალოცვით, ანუ სუფრას იწყებს და ასრულებს უფალი, მისი სახლი, ანუ ტაძარი და წმინდა სახლის ანგელოსი, როგორც მფარველი ოჯახური კერისა, რომელიც ქართველი კაცისათვის მთელ სამყაროს შეადგენს, ანუ ქვეყნის ძლიერების და მისი ამქვეყნად მოვლინების უმთავრესი ქვაკუთხედია.
არის ასეთი ლამაზი არაკი: "ზღვის პირას, სველ ქვიშას ორი ადამიანის ნაკვალევი მიუყვება...
- ეს ვისი ნაკვალევია, უფალო ?
- ეს შენს მიერ განვლილი ცხოვრების გზაა, შვილო ჩემო!..
- კი, მაგრამ ეს მეორე ნაკვალევი ვიღასია ?
- ეს ჩემი ნაკვალევია, მე ხომ მთელი ცხოვრება მთელი ცხოვრების მანძილზე შენთან ვიყავი.
- მაინც მიგიტოვებივარ, უფალო, ზოგჯერ მარტოდმარტო მიუყვება ჩემი კვალი...
- ცდები, შვილო ჩემო! მარტოდ მიმავალი კვალი ჩემია... მე ხომ შენი ცხოვრების უმძიმეს წუთებში ხელში აყვანილი მიმყავდი!.."
მაშ, შევსვათ უფლის სადიდებელი, რომელიც მუდამ ჩვენი ცხოვრების თანამდევი, მფარველი და შემფასებელია, რომელიც არადროს ტოვებს ადამიანს, აზიარებს ამქვეყნად მოვლინების მთავარ საზრისსა და დანიშნულებას და ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამს უმსუბუქებს ტანჯვათა სიმძიმეს!
პირველი სადღეგრძელო, რომელიც რელიგიასთან კავშირშია, მოკლე და ლაკონურია. იგია სადიდებელი-დიდება "მაღალსა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" და ეს გარკვეულწილად ენათესავება გურიაში პოპულარულ მშვიდობის სადღეგრძელოს, რომელიც უფრო გვიანდელი პერიოდისაა. ასევე სუფრის დასაწყისში ითქმება" დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე, ამინ! უფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალე! მეუფეო ზეცათაო, გვაკურთხე!" ითქმება ლოცვა "მამაო ჩვენო" და რწმენისა და სარწმუნოების, როგორც ქართველი ერის გამრჩენის სადღეგრძელო, აგრეთვე ყოვლად წმინდა პატრიარქის ილია II-ის სადიდებელი, აგრეთვე წმინდა სალოცავების მადლის სადღეგრძელო, რომელის სხვადასხვა წვეულებაზე სხვადასხვაგვარად ისმება.
განსაკუთრებით აქტუალურია წმინდა გიორგის მადლის სადღეგრძელო,რომელსაც ასე გამოთქვამენ "365 წმინდა გიორგი შეგვეწიოს და დაგვიფაროსო", რაც უკავშირდება თქმულებას წმინდა გიორგიზე, რომლის გვამი 365 ნაწილად დაჭრეს და მთელს ქვეყანაზე მიმოფანტეს როგორც სიწმინდე. წმინდა გიორგი - კაბადოკიელი დიდებული, რომის იმპერიის მსახური ქრისტიან დიდმოწამედ შერაცხული, მართლმადიდებელთა ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანია, რომელიც მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში ინგლისის, ეთიოპიის, საქართველოსა და ქალაქ მოსკოვის მფარველ წმინდანადაა მიჩნეული. საქართველოში ოდითგანვე დიდ პატივს მიაგებდნენ წმინდა გიორგის, რომელიც იყო მიწის მუშაკთა ანუ ვაზისა და სხვა კულტუროსანი მცენარეების მფარველი. უცხოელები საქართველოს გეორგიკას უწოდებდნენ. გეო - ნიშნავს მიწას. ანუ წმინდა გიორგი ნიშნავს მიწის მფარველ ღვთაებას, ასე რომ საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე ყველაზე მეტი ტაძარია აშენებული, ვიდრე სხვა წმინდანებისა.
წმინდა გიორგი ქართველთათვის სათაყვანო წმინდანია. ქართველი ერის სარწმუნოებრივ წარმოდგენაში უფროსობითა და ძლიერებით პირველი ადგილი სწორედ წმიდა გიორგის უკავია, მეორე - ღმერთს-შემოქმედს, მესამე - ელიას. წმინდა გიორგის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მოწმობს არა მხოლოდ ხალხური თქმულებები და ლეგენდები, არამედ ცხოვრებისეული რეალობაც. საქართველოში არცერთი წმინდანის სახელზე არ არის იმდენი ეკლესია მონასტრები აგებული და სახელობითი დღესასწაულები, რამდენიც წმინდა გიორგიზე. უფრო მეტიც, ხალხში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, საქართველოში 365 წმინდა გიორგის სახელობის გიორგის ეკლესია-მონასტერია აგებული, ლოცვაც არის ასეთი: 365 წმინდა გიორგი შეგეწიოსო. განსაკუთრებით ძლიერია წმინდა გიორგის კულტი მთიან რეგიონებში. აქ ის ღმერთადაც არის შერაცხული.
ერთმა ბრძენმა სიკვდილის წინ ვაჟიშვილი დაიბარა და უთხრა: "ვგრძნობ, რომ სიკვდილი მომიახლოვდა და მალე დაგტოვებ. მინდა, რჩევა მოგცე და დაგარიგო და მკითხე, რაც გსურდესო!.."
- ადამიანის ამოცნობა მასწავლეო, - სთხოვა ვაჟმა.
-ადამიანის შეცნობა თუ გინდა, მისი დედ-მამა გაიკითხე, რადგან ხე ნაყოფით იცნობაო! -მოკლედ მიუგო ბრძენმა.
ჭეშმარიტად, შვილია მშობლის სულისა და სხეულის ანარეკლი, მისი გენისა და ჯიშის გამგრძელებელი, ამიტომაც თუ რამ კარგი და ფასეულია ჩვენში ჩვენი დედიდან და მამიდან მომდინარეობს, მათი სისხლი სჩქეფს ჩვენს ძარღვებში და მათი თვალით შევიცნობთ სამყაროს მთელი მისი მრავალფეროვნებით. ჩვენი მშობლები არა მხოლოდ გენეტიკური წინაპრები არიან ჩვენთვის, არამედ სულიერი აღმზრდელნი და მოძღვარნი, ჩვენი სულის განუყოფელი ნაწილები. ქართველი კაცისათვის დედა და მამა განსაკუთრებულად ძვირფასი, საკრალური ფენომენებია, რასაც სხვა ანალოგი ბუნებაში არა აქვს. ქართველი ბედნიერია, სანამ შვილად დამძახებელი ჰყავს, როცა ერთ-ერთ მშობელს კარგავს, თავის თავს ობოლს უწოდებს, როცა ორივეს - უპატრონოს და ამით გამოხატავს საკუთარ პიროვნულ სტატუსს სამყაროში არსებობისა.
ჩვენს მშობლებს გაუმარჯოს! დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა ვუსურვოთ მათ და საკუთარ თავს კი შვილად არსებობის ბედნიერების გახანგრძლივება.… ჩვენთვის სიცოცხლის მომნიჭებლებს - ჩვენს დედებს და მამებს გაუმარჯოს!
ერთი ახალგაზრდა ბრძენთან მივიდა და რჩევა ჰკითხა: "მასწავლე, მშობლების ამაგი როგორ გადავიხადოო ?"
ბრძენს გაეღიმა და მიუგო: "როცა ღმერთმა ადამიანი მოავლინა, სხვა ამქვეყნიურ მისიათა შორის, უპირველესად, გამრავლების, და მაშასადამე, სიცოცხლის გაგრძელების უმნიშვნელოვანესი ფუნქციაც დააკისრა. სიცოცხლე ქვეყნად ჩვენი შვილების სახით გრძელდება და როცა შვილი ღირსეული მემკვიდრეა თავისი მშობლებისა, მაშინ მშობელიც ბედნიერი და პირნათელია უფლის წინაშე. ისე როგორც შენ, ბევრს ჰგონია, რომ მხოლოდ მშობლები მსახურობენ შვილებს და მხოლოდ მათ აქვთ ამაგი მათზე, იმას კი აღარ უკვირდებიან, როგორ სცვლის ადამიანს შვილის დაბადება, რამდენ სიკეთესა და ბედნიერებას სჩუქნის გამჩენი მემკვიდრის მოვლინებით, რამდენ ძალასა და სიცოცხლის წყურვილს, რამდენ სტიმულსა და დადებით ენერგიას სძენს, რამდენ განსაცდელს, რამდენ უკეთურ საქციელსა და ფიქრს, რამდენ ცოდვას არიდებს მშობელს საკუთარ შვილზე ზრუნვა, დარდი და ფიქრი, და არავინ უწყის, რანი ვიქნებოდით დღეს ჩვენ, ჩვენი შვილები რომ არ ყოფილიყვნენ... წადი და იყავი ღირსეული მემკვიდრე შენი მშობლებისა და შენი წილი ამაგი უფლის წინაშე გადახდილი იქნებაო!"
ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას გაუმარჯოს, ჩვენი სიცოცხლის გაგრძელებას ამ ქვეყანაზე და ჩვენი ადამიანად დაბადების საზრისსა და გამართლებას!
ქართველებს ოდითგან განსხვავბული დამკიდებულება ჰქონდათ საიქიოსადმი და სიკვდილს შენობით ელაპარაკებოდნენ: "შენი ჭირიმე, სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითა!" (ვაჟა-ფშაველა) რაც უფრო მაღალი სულიერი კულტურის მატარებელია საზოგადოება, მით უფრო "მშვიდი", "ლამაზი", "დიდებული" სახე აქვს სიკვდილს. ძველ ქართულ წარმართულ ტრადიციაში სიკვდილი გამოსახულია ოქროსთმიანი უმალაზესი ყმაწვილის სახით.
ერთ სამეფოში ახირებული ხელმწიფის კარზე ბრძენი და ენამოსწრებული ვარსკვლავთმრიცხველი მსახურობდა. მეფემ შარი მოუდო, დაიბარა და უთხრა: "თუ ვერ მეტყვი, რას ამბობენ ვარსკვლავები, რისა მეშინია ყველაზე მეტად, ვუბრძანებ თავი მოგკვეთონო ?! "
ვარსკვლავთმრიცხველმა ახედა ცას და მიუგო: "სიკვდილის, მბრძანებელო, ბოლოსდაბოლოს ყველა შიშს სიკვდილის შიშამდე მივყავართო!.." და უამბო ერთი ძველი თქმულება : "ერთხელ ნადიმზე სიკვდილის სადღეგრძელო შესვეს და სთხოვეს: "ერთხელ ისე გვეწვიე, რომ დაგველაპარაკო, ღვინო შევსვათ და თავი ისე მოგაწონოთ, რომ კაცის მოკვდინება სულაც გადაიფიქროო... მართლაც, რომ მოსაღამოვდა, მთვარე ამოვიდა და მისმა ნათელმა არე-მარე გადაანათა. მოულოდნელად, თითქოს არსაიდან ბილიკზე უცნობი გამოჩნდა, მიუახლოვდა დანთებულ კოცონს და თავშესაფარი ითხოვა. უცნობი სტუმარი ულამაზესი მზეჭაბუკი გამოდგა. ყველანი მიხვდნენ, თუ ვინ იყო იგი, მიიპატიჟეს და პურ-ღვინო შესთავაზეს: "სიკვდილო, შესვი ჩვენთან ერთად, სადღეგრძელო შენთვის მოგვინდვიაო" ... ჭაბუკს გაეღიმა, მიწვევა მიიღო და სიცოცხლის სადღეგრძელო შესვა. ერთ-ერთ მონადიმეს უეცრად ერთმა აზრმა გაუელვა თავში: "სიკვდილი ახლა ისეთი უმწეოა და დაუცველი, რომ მოვკლა, დედამიწაზე ძე-ხორცილი აღარ მოკვდება და მარადიული სიცოცხლე დაისადგურებსო". ეს გაიფიქრა თუ არა, იშიშვლა ხანჯალი და ჭაბუკს გულში ჩასცა. სიკვდილი მიწაზე დაემხო, სიმწრის ცრემლი წასკდა და ამოიგმინა: "ერთხელ მოვედი თქვენთან მშვიდობით და მაშინაც მომკალითო..."
სიკვდილი საშინელი და სასტიკი იმიტომ არის, რომ თავად ადამიანმა აქცია ასეთად, ამიტომ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ სიკვდილი ანუ გარდაცვალება, სრული გაქრობა კი არ არის, არამედ დროსა და სივრცეში მონაცვლეობაა, რომ ვინც მიიცვალა, გარდაიცვალა და განგრძობს არსებობას სულის განზომილებით! სიკვდილი მშვიდი ძილია. სიცოცხლე - მოუსვენარი ძილი...
ხსოვნა იყოს იმ ადამიანებისა, რომლებიც ზეციური საქართველოდან გადმოგვყურებენ, ჩვენს სიხარულსა და ჭირს იზიარებენ და ლოცულობენ უფლის წინაშე ჩვენი ცოდვილი სულებისათვის. მათ სიცოცხლე უყვარდათ, მაგრამ "ვერა კაცი ვერ გადავა განგებისა გარდავლენას" და ისინი დღეს ჩვენს გვერდით აღარ არიან. დიდია ტკივილი და მონატრება, მაგრამ ცხოვრებას თავისი კანონები აქვს: მჯერა, ახლა, იქ ზეციურ საქართველოში ერთი დიდი სუფრაა გაშლილი და ისინი, ჩვენი მონატრებული სულები, საკუთარ სადღეგრძელოებს უერთებენ ჩვენს გულისთქმას.
ხსოვნა - არდავიწყება ყოფილიყოს ჩვენი მიცვალებულებისა, ფეხზე წამოვუდგეთ მათ ნათელ სულებს და წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას!...
სიკვდილმა გზაზე ჩამოიარა და ერთ გლეხს მიადგა: "მოემზადე, უნდა გამომყვეო!" გლეხი შეეხვეწა: "სახლს ვაშენებ, გაზაფხულამდე დავასრულებ, ცოლ-შვილს დავაბინავებ და მერე მიმსახურეო!" სიკვდილმა თავი ანება და როცა გაზაფხული დადგა კვლავ ესტუმრა გლეხს: "სახლი აგიშენებია. აბა, მზად ხარ, რომ გამომყვეო?" გლეხი კვლავ შეეხვეწა: "ხორბალი და სიმინდი დავთესე, ვაზს მოვუარე და შემოდგომაზე მოსავალი მაქვს ასაღები. სად გაგექცევი? მოსავალს დავაბინავებ და გამოგყვები, შემოდგომამდე მაცალეო" ... სიკვდილმა დააცადა და შემოდგომაზე მიადგა: "მოემზადე, უნდა გამომყვეო!" გლეხი ისევ შეევედრა: "ბიჭი დავაქორწინე და ახლა შვილიშვილს ველოდები. არ მინდა, ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, შვილიშვილს ვერ მოვესწრო. სად გაგექცევი, ცხრა თვეც მაჩუქეო" ... სიკვდილმაც აჩუქა და როცა ბავშვი დაიბადა, ისევ მიადგა: "აბა, ახლა რაღას იტყვი? მოემზადე და გამომყევიო!" გლეხმა შეხედა სიკვდილს და უთხრა: "ახლა, როცა სახლ-კარიც მაქვს, სარჩო-საბადებელიც მოვინაგრე და პაპაც გავხდი და ყველაზე ბედნიერი ვარ, ახლა მართმევ სიცოცხლესო ?"
სიკვდილი გაოცდა: "ნუთუ ასე ტკბილი და ძვირფასია სიცოცხლე, რომ ადამიანებს ასე ეძნელებათ მასთან განშორებაო ?" ზურგი აქცია გლეხს და წავიდა...
ადამიანი ერთხელ იბადება ამ ქვეყნად და ერთხელ კვდება, მთელი ცხოვრება ოფლს ღვრის, შრომობს, წვალობს, იტანჯება, და მაინც, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ "სიცოცხლე ქვეყნად გაგრძელდეს მუდამ და განმეორდეს!" (ლადო ასათიანი)
სიცოცხლეს გაუმარჯოს, ამ უძვრიფასეს ღვთიურ საჩუქარს, რომელსაც ღმერთივე გვართმევს, ხოლო ჩვენ ადამიანებს გვჩუქნის სიცოცხლის სიყვარულის ნიჭს, რომელიც ყველა განსაცდელს, ყველა სიძნელეს დაგვაძლევინებს, რათა ადამიანის ამქვეყნად მოვლინების საიდუმლოს გვაზიაროს !
ერთ სამეფოში ერთი ხელმწიფე, განთქმული თავისი სამართლიანობითა და სიქველით, მოხუცდა და გადაწყვიტა ტახტი უფლისწულისათვის გადაეცა. დაიბარა ნაზირ-ვეზირები და უთხრა: "ვხედავ, რომ მოვხუცდი და დროა, ქვეყანა ჩემს ვაჟიშვილს გადავულოცო, მაგრამ სანამ გამეფდებოდეს, მინდა თითოეულმა თქვენთაგანმა თითო ბრძნული რჩევა მისცესო." იხმეს უფლისწული.
პირველმა ვეზირმა მცირე ფიქრის შემდეგ ასეთი რამ უთხრა:
- დანგრეული ბუხარი არ დაიწუნება, თუ კვამლი სწორად ამოდის ! სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდე, ჯერ შედეგზე დაფიქრდიო !
მეორე ვეზირმა: გახსოვდეს, უფლისწულო, დილის ლუკმა ცოლის მზითევს სჯობია ! მეფე რომ გახდები არავინ დაგასწროს გაღვიძება, თორემ იოლად მოტყუვდებიო !
მესამემ: მშობლებსა და ნათესავებს ღმერთი გვაძლევს, მეგობარს კი თავად ვირჩევთ... უწყიდე მეგობარი სამი ჯურისა: ერთი - პურისა, ერთი - ენის, ერთიც - სულისა. პურის მეგობარს - ჯერ პური და მერე პანღური, ენისას - ენით გაუქარწყლე დარდი გულისა, ხოლო თუ სადმე შეგხვდეს მეგობარი სულისა, მიეცი სული მის სანაცვლოდ შენი სულისაო.
გაუმარჯოს მეგობრობის მადლს, სიხარულისა და ტკივილის თანაზიარობას, ლხინში და ჭირში ერთად ყოფნას, ერთგულებასა და თავდადებას, გრძნობას, რომელმაც ისევე არ იცის საზღვრები, როგორც სიყვარულმა. სადაც ის არის, მტრობა ვერ გაიჭაჭანებს, სადაც ის ბატონობს, იქ ყმები არ არიან, სადაც ის განაგებს - იქ სამოთხე სუფევს !
მეგობრობას გაუმარჯოს - ადამიანური ურთიერთობის ყველაზე ამაღლებულ და უანგარო გრძნობას !
ერთმა ბრძენმა სიკვდილის წინ მოწაფეები დაიბარა და ძველი ლეგენდა უამბო: ერთხელ უფალმა გადაწყვიტა, დედამიწა ხალხთა შორის გაენაწილებინა და მოიხმო დედამიწის ბინადარნი... ვის არ ნახავდით აქ: ხალისიან ფრანგებსა და მელანქოლიურ სკანდინავიელებს, მშრომელ ჩინელებსა და ქოთქოთა იტალიელებს, ამაყ ესპანელებსა და ცნობისმოყვარე იაპონელებს, მხიარულ რუსებსა და სიცოცხლისმოყვარულ ინდოელებს, რომანტიკოს ბერძნებსა და ხელმომჭირნე სომხებს, ყველას, ყველას განურჩევლად რასისა და ეროვნებისა, მხოლოდ ქართველები არსად ჩანდნენ... და აი, როდესაც უფალმა განაწილება დაასრულა, მოულოდნელად ქართველებიც გამოჩნდნენ, მაგრამ რაღა დროის? - უფალს ერთი გოჯი მიწაც კი არ ჰქონდა დარჩენილი გაუნაწილებელი. გულდაწყვეტილმა ქართველებმა მორჩილად ჩაქინდრეს თავები და განზე გადგნენ. ღმერთმა დაგვიანების მიზეზი ჰკითხა და პასუხით გაოცდა: ქართველებმა ალალად უპასუხეს: ვისხედით და უფლის სადიდებელს ვსვამდით და ცოტა შეგვავიანდაო …... შემოქმედს ისე მოეწონა ქართველების გულწრფელი და მოსწრებული პასუხი, რომ თავისთვის გადანახული სამოთხის პატარა ბაღი საჩუქრად მისცა და თან დასძინა: "გაუფრთხილდით და ჩემს სადიდებლად მოუარეთო ..."
ამიტომაც, ქართველი კაცი პურ-ღვინოს ისე არ იგემებს, უფლის სადიდებელი არ თქვას და მის მიერ ბოძებული სამშობლოს, სამოთხესავით საქართველოს სადღეგრძელო არ მოაყოლოს: "გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს, ერთადერთს, როგორც უფალს, გაუმარჯოს საქართველოს, დედა ღვთისმშობლის წილხვედრს, რომელსაც წმინდა გიორგის მადლი იფარავს !" როგორც უფალი, სამშობლოც - ერთია ქვეყანაზედა !"
ერთი სოვდაგარი ალ-იბნ-სარუქ -ფარხაჯი მდიდრული საპალნით დატვირთული აქლემების ქარავანით მოადგა საქართველოს აღმოსავლეთ კარიბჭეს და იქ, სადაც ალაზანი და იორი ერთვის ერთმანეთს, გაშლილ ველზე მცირე ხნით შეისვენა. იქვე ცხვრის ფარას აძოვებდნენ მწყემსები. "სტუმარი ღვთისააო!" - თქვეს მწყემსებმა და უცხო სოვდაგარი ვახშმად მიიპატიჟეს. მწყემსური სუფრა გულუხვად გაუშალეს: გუდის ყველი, ყაურმა და მწვადები მაძღრისად მიართვეს. რომ დანყრდა, ალ-იბნ-სარუქ-ფარხაჯმა გახედა ალაზნის გაშლილ ველსა და მზეზე მბრწყინავ დათოვლილ კავკასიონს და ასეთი ბუნებრივი კონტრასტებით გაოცებულმა, საკუთარი აღფრთოვანება ვერ დამალა. გაიხარეს მწყემსებმა სტუმრის ემოციებით და ძველი ლეგენდა უამბეს: "როცა კახეთი ზღვას ეჭირა, ბოჭორმის წმინდა გიორგის ჰყავდა ერთი კურატი, რომელიც დროდადრო იკარგებოდა და როცა უკან ბრუნდებოდა, რქები სისხლში გაბასრული მოჰქონდა თურმე ... კურატი ზღვის სანაპიროზე ზღვიდან ამოსულ გველეშაპს ებრძოდა. კურატი ცდილობდა ურჩხულის დამარცხებას, მაგრამ გველეშაპის კანს ვერაფერს უხერხებდა. მაშინ წმინდა გიორგის ყმებმა კურატს რქებზე ალმასები აასხეს. კვლავ წავიდა კურატი ზღვის ნაპირას და როცა შეებნენ კურატი და გველეშაპი, მისმა კანმა ალმასებს ვეღარ გაუძლო და შეშინებულმა უკან ზღვაში შეცურა. გველეშაპმა თავი ვეღარ შეიკავა და გორას დაეჯახა შირაქის ბოლოს, სწორედ აქ, სადაც ახლა ალაზანი და იორი მოედინება და დაანგრია ეს გორა. ზღვა გადავარდა და გამოჩნდა ალაზნის ვრცელი ველი, ხალხი მაღლობებიდან ბარში ჩამოვიდა და იქ დასახლდა, სადაც ახლა ცხოვრობსო".
გაუმარჯოს კახეთს, რომელმაც ყველაზე უფრო ძნელბედობის ჟამს შემოინახა საქართველოს სახელმწიფოებრიობა და რწმენა. არაერთხელ ააოხრა მტერმა კახეთი, მაგრამ ვერ დააჩოქა, ვერ მოინადირა. საქართველოს ბეღელი, ქართული ღვინის მარანი, გმირების მშობელი მხარე - კახეთი - დღესაც წარბშეუხრელად დარაჯობს ქვეყნის სიმშვიდესა და ერთიანობას.
იხაროს და იმრავლოს საქართველოს მოჭირნახულე კახეთმა, რომლის ჭეშმარიტი სახე მხარგაშლილი და ლაღი "კახური მრავალჟამიერია", მძლავრად რომ გუგუნებს ჩვენი ერის სადიდებლად !
ერთი ფრანგი მოგზაური, ეზოთერიკოსი, პოეტი და მხატვარი ნიკოლა დე ბურანჟე, ქალაქ ლაროშელიდან გამოჰყვა ბიძაშვილს, კავკასიით დაინტერესებულ გრაფ ჟაკ ლა ვულამიეს და მისი ჟამთაღმწერლობა იტვირთა. თან ეს გრაფი ჟაკ დე ვულამიე ქეიფისა და დროსტარების მოყვარული ახალგაზრდა კაცი გახლდათ და მის მოხუც მშობლებს ეშინოდათ, რომ ათასგვარი ადამიანური სისუსტეებისა და განთქმული ქართული ღვინის გადამკიდე, რაიმე ხიფათს გადაეყრებოდა და ვეღარასოდეს იხილავდნენ ერთადერთ მემკვიდრეს. ისე აგხდენოდეთ ყველა სურვილი, როგორც ვულამიეს მშობლების ვარაუდები გამართლდა: ერთ დუქანში ნადიმისას შეზარხოშებულ მოგზაურებს ყაჩაღები დაესხნენ თავს და გაიტაცეს. დატყვევებულთა შორის ჟაკი და ნიკოლაც იყვნენ ... მაგრამ იმდენად დიდი იყო თავისუფლების წყურვილი, რომ ჟაკმა და ნიკოლამ მოისყიდეს მებორნე და გაქცევით უშველეს თავს. ოცდაათი დღე-ღამე შეუსვენებლივ იარეს ფეხით, თან ტყე-ღრეში იმალებოდნენ, რომ მდევარს არ ეპოვნა, თორემ განაჩენი უმკაცრესი იქნებოდა. და ბოლოს, შიმშილის და წყურვილისაგან ძალაგამოლეულებმა ტყის პირას ერთ მიყრუებულ ქოხს შეაფარეს თავი. შორიდან საეკლესიო ზარის ხმამ მიიპყრო მათი ყურადღება: ცხადია, ქარისტიანებს შორის იმყოფებოდნენ, მაგრამ მეტად გარემოების გარკვევა არც ერთს აღარ უცდია, ორივემ გონი დაკარგა და მოცელილივით დაეცნენ ქვის იატაკზე. როცა გონს მოეგნენ, თავს შავანაფორიანი მაღალი მამაკაცი ედგათ, რომელსც ჭაღარა თმა-წვერი და დიდი მოოქროვილი ჯვარი ამშვენებდა. ასე მოხვდნენ ჟაკი და ნიკოლა საფარის მონასტერში, სადაც წმინდა მამებმა შეიფარეს, ანუგეშეს და ლუკმა-პური გაუყვეს. თვით ალექსანდრე დიუმას ნაკვალევზე სამშობლოდან მოწყვეტილ ფრანგებს მეტად შორს წასვლა აღარც უცდიათ, ბედს დამორჩილდნენ და საფარის მონასტრის მამების სიქველე უფლის მიერ გამოგზავნილ ღვთიურ ნიშნად მიიჩნიეს. მამებთან ერთად ფეხით მოიარეს ქართული მიწა-წყალი და საკუთარი თვალით იხილეს ის საოცრება, რომელსაც ქართველი კაცი სუფრის მადლად მოიხსენიებს და სადღეგრძელოს გარეშე პურს და ღვინოს არ აგემოვნებს. საფარის წმინდა მამები რომ არა, ვინ იცის რა ბედი ეწეოდათ ჟაკსა და ნიკოლას.
ამიტომ მადლიერმა ნიკოლამ ქართული სადღეგრძელოები შეკრიბა, თავისი ჩანახატები დაურთო და სამშობლოში დაბრუნებულმა პატარა წიგნად გადაწერა, სადაც ოცდამეჩვიდმეტე გვერდზე ასეთ სიტყვებს ამოიკითხავდა კაცი: "ეს იმ კაცს გაუმარჯოს, გაჭირვებაში მყოფს ხელს რომ გაუწოდებს და ლუკმას გაუყოფს, გულის სითბოს უჩვენებს და დაკარგულ იმედს დაუბრუნებს, განსაცდელს შეუმსუბუქებს და სულის იარას უწამლებსო ! "
"ამ ყანწითა და ამ წმინდა ქართული გულით, მინდა გადღეგრძელო, იცოცხლე იმდენი ხანი, ვიდრე კახეთის საწნახელებსა და ქვევრებში ღვინო იწურებოდეს, ვიდრე დედამიწა ისე გაცვდებოდეს, რომ ადამიანის ფეხის სიმძიმეს ვეღარ უძლებდეს, ვიდრე დედამიწაზე წყალი დაშრებოდეს და დედამიწა უწყლოდ იწვებოდეს ! ერთსაც გეტყვი, როგორც ცას ცისარტყელა ამშვენებს და რამდენიმე ფერით დედამიწას დაჰყურებს და ახარებს, ისე გემხიარულოს !"
როგორც დედამიწას მზის სხივი არ მოეშალოს, ისე შენი სახელი არ მოგვიშალოს ღმერთმა!
როგორც მე ამ ყანწს ჩამოვცლი, ისე შენი მტერი დაიცალოს სისხლიდან! იყავ მზეგრძელი, იცოცხლე! (გიორგი ლეონიძე "ღვინჯუა")
ერთმა ოსტატმა სიკვდილის წინ თავისი შეგირდი მოიხმო და ჰკითხა:
- არაფერი დამიშურებია, რომ შენთვის მთელი ცოდნა გადმომეცა და მაინც რა არის ის, რისი სწავლებაც ვერ შევძელიო ?
შეგირდი დაფიქრდა და მიუგო:
- ოსტატო, შენ ყველაფერი მასწავლე, რაც კი იცოდი, მაგრამ ოსტატი როგორ უნდა გავხდე, არ გისწავლებია, მე კი მგონია, რომ უკვე იმდენი ვიცი, დროა, მეც ოსტატი მერქვასო ! ...
ოსტატს გაეღიმა და უპასუხა:
- სანამ ცოცხალი ვარ შენ მუდამ ჩემი შეგირდი გერქმევა და როცა აღარ ვიქნები და შენც შენს ცოდნას საკუთარ შეგირდებს გადასცემ, შენც ოსტატს დაგიძახებენო... და გახსოვდეს: ნურც ოსტატთან და ნურც უწიგნურთან ნუ იქნები ბრძენი ... პირველთან ეცადე, ცოდნა ბოლომდე გაიზიარო და მეორეს კი მხოლოდ ის ასწავლე, რაც შენ გასწავლეს, მანამდე კი თავად ბევრი რამ უნდა ისწავლო, რომ მიხვდე, რა ცოტა რამ იციო !...
მოდი, ჩვენს სულიერ მოძღვრებს, მასწავლებლებს გაუმარჯოს, ისინი გვასწავლიან, გვარიგებენ, გზას გვიკვალავენ და თავისი ცოდნითა და გამოცდილებით კელაპტრად ანთიან, იწვიან და გვინათებენ. გვინათებენ და გვათბობენ, სიბრძნის მადლს გვაზიარებენ და საკუთარი არსებობით მუდმივად საკუთარი თავის რწმენასა და ძალას გვმატებენ !
მე-17 საუკუნის მიწურულს იტალიელი მისიონერი ჯაკომო ვეჯინო, მისი წინამორბედის, არქიეპისკოპოს არკანჯელო ლამბერტის მოგზაურობის ჩანაწერებით შთაგონებული, კავკასიაში მოგზაურობდა და ბევრი საოცარი და ეგზოტიკური ამბავი შეიტყო, რომელთა შორის განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქართველ ამორძალთა ამბებმა მოახდინა. სამშობლოში დაბრუნებულმა მისიონერმა ყოველივე დაწვრილებით აღწერა თავის დღიურში და თან პატარა მინიატურული ჩანახტებიც დაურთო. მოგზაურობის შთაბეჭდილებები იმ ხანად ევროპაში ბესტსელერად იქცა და შორს გაუთქვა სახელი მის ავტორს, რომლის მონათხრობიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ქართველ ამორძალთა დედოფლის მირდაქატის ტრაგიკული სიყვარულის ამბავი, რომელსაც თან ერთვის უმშვენიერესი დედოფლის პორტრეტი და ზედ ლათინური წარწერა: "მხოლოდ მაშინ ვარსებობ, როდესაც მიყვარს"...
ერთი ფრანგი ზღვაოსანი პოლ დე ჟარდენი კოლხმა ამორძალებმა ჩაიგდეს ხელთ და სხვა ტყვე მამაკაცებთან ერთად დიდ ხაროში ჩააგდეს. როგორც წესი, ამორძალები ტყვე მამაკაცებს დაფეხმძიმების მიზნით იყენებდნენ და მერე ხოცავდნენ. თუ ვაჟი დაიბადებოდა, კლავდნენ, ხოლო თუ ქალი თავის კვალობაზე მეომრად ზრდიდნენ. ტყვეობა მძიმე გამოდგა, მაგრამ ფრანგი მეზღვაური მოაჯადოვა უცხო ტომის უმშვენიერესი მებრძოლი ქალების გუნდმა, რომლებიც გაცილებით უფრო თავისუფალნი იყვნენ, ვიდრე ევროპის სახელმწიფოებში მცხოვრები სუსტი სქესის წარმომადგენლები. ხოლო დედოფალ მირდაქატის ხილვამ თავი დაავიწყა ჟარდენს და ცხრა თვის თავზე ამ საბედისწერო სიყვარულის ნაყოფი ტყუპი ქალ-ვაჟი, უმშვენიერესი თუხთარუტი და ვაჟკაცი ბაშრაზუტი დაიბადა. ახლადშობილი გოგონა, ამორძალთა ტრადიციის თანახმად, დიდი პატივით მიიღეს, ხოლო პოლსა და მის ვაჟს გარდუვალი სიკვდილი ელოდათ, მაგრამ შეყვარებულმა მირდაქატმა დაარღვია საკუთარი ტომის წეს-ტრადიცია და მამა-შვილი ღამით ფრულად გააპარა. მაგრამ, ვაი რომ, სხვა ტყვეებმა გასცეს დედოფალი, ამაყმა ამორძალებმა არ აპატიეს დედოფალს ტრადიციის ღალატი, შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს. როცა ცხენის კუდს გამოაბეს მირდაქატი, მისი უკანასკნელი სიტყვები სწორედ ის ფრაზა იყო, ჯაკომო ვეჯინომ რომ მიაწერა დედოფლის მინიატურულ პორტრეტს: "მხოლოდ მაშინ ვარსებობ,როდესაც მიყვარს" ...
გაუმარჯოს სიყვარულს, რომელმაც ამორძალთა დედოფალს ასეთი თავგანწირვა შეაძლებინა !
გაუმარჯოს ქალს, რომელსაც კოლხ ამორძალთა დარად წეს-ტრადიციის ერთგულება შეუძლია !
და გაუმარჯოს სიყვარულს, რომლის წინაშე ყველა ტრადიცია უძლურია !
მოწმენდილ ცის კაბადონზე, როცა ჰაერი ისეთი კრიალა და გამჭვირვალეა, რომ ვარსკვლავებს დაითვლის კაცი, ხოლო უზარმაზარი მთვარე საჰაერო ბურთივით ჰკიდია ხის ტოტზე, ტბასთან, ლერწმოვანებში ციცინათელების გუნდის თანხლებით ნაპირთან მოცურდება ხოლმე ყელყარყარა ფრთათეთრი გედი, ხოლო ტყის ტევრიდან გამოდის ქორბუდა ირემი, რომელთა მშვენიერებას სარკესავით ირეკლავს მთვარის შუქზე მოლიცლიცე ტბა. ამბობენ, ერთ დროს გედი ულამაზესი ასული, ხოლო ირემი უმშვენიერესი ჭაბუკი ყოფილა, რომელთა ღვთაებრივმა სიყვარულმა ისე დააბრმავა ტყის შურიანი ალი, რომ ჯვრისწერის დღეს, ტაძრის კართან მისულებს შეულოცა და გედად და ირემად გადააქცია. ამბობენ, მას შემდეგ ყოველ ღამით ეს ორი შეყვარებული არსება ერთმანეთს ხვდება და ბუნების ძალებს შესთხოვს ყველა შეყვარებული წყვილის მფარველობას.
ჩვენი ულამაზესი დედოფალი, ასე რომ ჩამოჰგავს მოფარფატე გედს და მშვენიერი ჭაბუკი ნეფე, ირემივით ყელმოღერებული, შეყვარებული თვალებით რომ უმზერენ ერთურთს, დღეს უფლის ნებით შეუღლებულნი და ხელდასხმულნი, აერთებენ საკუთრ სულებს, რათა ახალ სიცოცხლეს დაუდონ სათავე. შევთხოვოთ უფალს მათი ბედნიერება და ოჯახის სიმტკიცე. ღმერთმა აშოროთ გაჭირვება, გაუტანლობა, შური, ბოროტება და ყოველი სნეულება ადამიანური ბუნებისა !
ნათქვამია, ცოლ-ქმრის ბედი ზეცაში წყდებაო. სიყვარულით, სიკეთით, ურთიერთპატივისცემით გევლოთ მთელი სიცოცხლე, ჩვენო ლამაზო ნეფე - დედოფალო, გამრავლდით როგორც ზღვაში ქვიშა და ცაზე ვარსკვლავი ! ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს როგორც მზე და მთვარე !
კოლხ მეფე ფარუხს უმშვენიერეს ამორძალთაგან შეკრებილი პირადი დაცვა ჰყოლია თურმე. სილამაზით განთქმული, საგანგებოდ შერჩეული ახალგაზრდა ქალები მშვილდ-ისრით იყვნენ შეიარაღებულნი და მუდამ თან ახლდნენ ჭაბუკ მეფეს: ომშიც და ნადირობაშიც. ამორძალი გოგონები ერთმანეთზე უფრო ლამაზები და მამაცნი იყვნენ, მაგრამ ფარუხს განსაკუთრებულად პირადი მცველი ნაიშუბი შეუყვარდა, და რადგან შეყვარებულებს სარწმუნოება და ფარუხის სამეფო მოვალეობა კანონიერ ქორწინებას უკრძალავდა, შეყვარებულები სამეფო კარისაგან ფარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს.
ერთხელაც შორეულ ინდოეთში ლაშქრობისას ფარუხი სპილოდან გადმოვარდა და მტრების გავეშებულ ბრბოს გარემოცვაში აღმოჩნდა. ნაიშუბი დაუფიქრებლად მიიჭრა დასახმარებლად, მაგრამ საბრძოლო სპილოებმა ფეხით გადაქელეს წყვილი, ისე რომ მტრებმა ვერც კი მოასწრეს მათი დატყვევება. როდესაც დასახმარებლად მოსულმა ამორძალთა დაცვამ წრე გაარღვია და ბრბო გააქცია, საზარელი სანახაობა გადაეშალათ თვალწინ: ფარუხის და ნაიშუბის ერთმანეთს ჩახუტებულ წყვილს სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა. ამორძალებმა სცადს დაეშორებინათ მათი სხეულები, მაგრამ ქალ-ვაჟი სიყვარულის უსოცოცხლო ქადაკებასავით გაქვავებულიყო. კოლხთა ლაშქარმა მკლავებგადაჭდობილი, ერთმანეთში ჩახვეული ფარუხი და ნაიშუბი ორმოცი დღე და ღამე პატივ-დიდებით იგლოვეს და შემდეგ ინდოელების მსგავსად განგის ტალღებს კი არ გაატანეს მათი შესუდრული სხეული, არამედ კოლხური წესისამებრ დიდებული ყორღანი გათხარეს და წყვილი მეფური დიდებით დაკრძალეს. ყველას ეგონა, ნაიშუბმა მცველის მოვალეობა ღირსეულად შეასრულა და დაიცვა პატრონი და მეფე და ვერავინ ამოიცნო ამ ტრაგიკული ამბის მთავარი გამოცანა: კოლხი ქალისა და მამაკაცის სიყვარული, რომელსაც მოგვიანებით თავად ინდოეთში ასე უმღერეს: "შივა შაქტის გარეშე - შავაა" ანუ მამაკცი ქალის გარეშე ცოცხალი გვამია.
მაშ, გაუმარჯოს ქალებს, რომელთა გარეშეც ჩვენი სიცოცხლე საზრისს კარგავს !
ერთმა ახალგაზრდა ქარგალმა ცოლის შერთვა გადაწყვიტა და რჩევისათვის ოსტატს მიადგა: "ოსტატო, ხელობა და ცხოვრების ანბანი რომ მასწავლე, ამ სიკეთეს არასოდეს დაგივიწყებ, მაგრამ ახლა დაქორწინებას ვაპირებ და მოვედი, რომ შენებურად დამარიგო, ქალი როგორ შევარჩიოო"... ოსტატს გაეღიმა და ძველი აღმოსავლური არაკი მოუყვა: "როდესაც ღმერთმა დედამიწაზე არსებული ყველა სულდგმული შექმნა, ქალი დაავიწყდა. მამაკაცმა პირველმა შეამჩნია ეს და იჩივლა. ღმერთი დაფიქრდა: რისგან შევქმნა ქალი, როდესაც მთელი ძალა და შთაგონება კაცის შექმნაზე დავხარჯეო, მაგრამ უარი მაინც ვერ უთხრა და საქმეს შეუდგა: აიღო მზის სხივთა კონა, მთვარის მელანქოლია, ფურირემის თრთოლვა, ჯეირანის ალერსიანი გამოხედვა, გედის სილამაზე, ფარშევანგის სიდინჯე, ბულბულის ხმა, მტრედის უწყინარობა, ლერწამის ტანადობა, ვარდის სურნელება, თაფლის სიტკბო, ანდამატის მიმზიდველობა, წყაროს სისპეტაკე და ჰაერის სიმჩატე. ერთმანეთში აურია ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან მსუყე რომ არ გამოსულიყო, სხვა თვისებებიც დაამატა: მელიის ეშმაკობა, გველის შხამი, ზვიგენის სიხარბე, ვეფხვის მრისხანება, კაჭკაჭის ენა, ღრუბლის ცრემლთა დენა, ქარის ცვალებადობა, კურდღლის შიში და აი, ამ მასალის შეზავებით შეიქმნა მშვენიერი ქალი. ღმერთმა სული შთაბერა, მისცა კაცს და უთხრა : გაუფრთხილდი, უკეთესს მე ვერ შევქმნიო !"
- მერედა, ოსტატო, რას ნიშნავს ეს არაკიო ? - ვერ მიუხვდა შეგირდი.
- იმას, რომ ქალი ან აგაშენებს, ან დაგაქცევსო !"
მოდი, ჩვენს ცოლებს გაუმარჯოს, ღმერთის ყველაზე გენიალურ ქმნილებას, ჩვენი ცხოვრების სათავეს, წყაროსთვალს, დარდსა და სიხარულს, სიმწარეს და სიტკბოებას, ვარდსა და ეკალს, მამაკაცის მარად გაუსტუმრებელ ვალს !
ერთ სამეფოში ხელმწიფის კარზე ერთი მხატვარი მსახურობდა. მეფეს ულამაზესი, მაგრამ თავნება და უკარება ასული ჰყავდა, რომლის სიამაყეზე ლეგენდებს ყვებოდნენ. მისი ხელის სათხოვნელად მოსული არაერთი უმშვენიერესი ჭაბუკი იმსხვერპლა მეფის ასულის სიკერპემ და აი, ერთხელაც მეფემ მხატვარს უბრძანა, მისი ქალიშვილის პორტრეტი დაეხატა. საათობით ხატავდა მხატვარი მეფის ამაყ ასულს და როდესაც პორტერტი დაასრულა, მიხვდა რომ თავადაც შეყვარებოდა იგი. მაგრამ მოხდა ნამდვილი საოცრება - მეფემ შეხედა პორტრეტს და ეუცნაურა: სადღა იყო მისი ქალიშვილის წარბების სიამყე და მზერის სიცივე, ტილოდან თბილი, სანდომიანი და შეყვარებული მშვენიერი ახალგაზრდა ქალი იმზირებოდა, და რაც ყველაზე უცნაური და საინტერესოა, თავად მეფის ასული ორი წვეთი წყალივით დამსგავსებოდა მხატვრის მიერ დახატულ პორტრეტს.
ქალიშვილის სასიკეთო სახეცვლილებით მადლიერმა მეფემ მხატვარს ცოლად შერთო ასული და როცა გაოცებულმა ნაზირ-ვეზირებმა ჰკითხეს, რამ გადააწყვეტინა შვილის ასეთი ბედი, არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა: ხელოვნების სასწაულმაო !
ხელოვნებას გაუმარჯოს, სასწაულმოქმედსა და უნიკალურ ფენომენს, რომელიც ამშვენიერებს, აკეთილშობილებს და ამდიდრებს ადამიანის სულს, სარკესავით დაანახებს საკუთარ ნაკლსა და ღირსებას და ეხმარება გახდეს ბევრად უფრო უკეთესი, ლამაზი და ამაღლებული! ხელოვნებას გაუმარჯოს !
ორი მწყემსი კლდეზე არწივის ბუდეს წააწყდა. ბუდეში ორი პატარა მართვე პიდაღებული ელოდა დედის გამოჩენას. პირველმა მწყემსმა მართვეებს მოპარვა დაუპირა, მაგრამ მეორემ დაუშალა: "თავი დაანებე ! ეგენიც ღვთის შვილები არიან, მათაც ხომ ჰყავთ დედა და ნუ დააშორებ, იდარდებენო! "თურმე, იქვე დედა არწივი იყო დამალული და ყველაფერი გაიგონა. მწყემსების თავზე ირაო შეჰკრა და მართვეების მოპარვის მსურველს ისე ახლოს ჩაუქროლა, ლამის ფაფახი გადააცალა. მეორეს კი ისე ნარნარად და მშვიდად აუარა, თითქოს ანიშნა: "არას გერჩიო" და და მერე ფრთაგადფოფრილი დაეშვა ბუდეზე. მწყემსები მცირე ხანს შეყოვნდნენ, ერთი კი გახედეს დედა-შვილთ და მერე აჩქარებით განარძეს გზა, რადგან მთაში ჯანღი ირეოდა და ცა საავდროდ ელავდა.
გამოხდა ხანი, დადგა ზაფხული. მწყემსები მთაში ავიდნენ და მეურნეობას მიჰყვეს ხელი. მეორე მწყემსმა ცხვარი გამორეკა ფერდობზე და თავად იქვე შორიახლო თივის ზვინზე მიწოლილს, ჩათვლიმა. მძინარემ ვერ შენიშნა, როგორ მიეპარა ვეება შავი მცურავი და ის იყო უნდა დაეგესლა მძინარე, რომ მოულოდნელად დიდი ჩრდილი დაეფინა ორივეს: უზარმაზარი არწივი თავს დააცხრა მცურავს, პირი და კლანჭები ჩაავლო და ჰაერში აიტაცა, ერთხანს ასე ზევით-ზევით ატარა და როცა ცის თაღზე წერტილივით გახდა ნადავლთან ერთად, გაუშვა ნისკარტი და კლანჭები, დაგრგნილი მცურავი ტყვისავით დაეშვა და შავი ლენტივით გაშლილი, პიტალო კლდის ქიმს შეენარცხა და სული გააცხო. არწივმა კამარა შეკრა, რამდენიმე წრე შემოუარა ამ სანახაობით გაოგნებულ მწყემსს და მთებს მიეფარა. მწყემსს თითქოს გონება გაუნათდა, უზარმაზარ ფრინველში დედა არწივი შეიცნო და მიხვდა, რომ არწივმა სიკეთე სიკეთით გადაუხადა.
დიდებული რამაა სიკეთე, ჩვენს წინაპარს უთქვამს: "მაინც ანთია სანთელი თეთრი, მუდამ ანთია სანთელი თეთრი, მისი ჩუმი წვა ამაღლებააო !" დაე, მუდამ ენთოს სიკეთის სანთელი, რომელიც ცხოვრების ლაბირინთის ბნელ ტალანში წმინდა სანთელივით იწვის, გვინათებს, გაგვათბობს, და სულიერად გვამაღლებს ... სიკეთეს გაუმარჯოს !
ძველი ქართული თქმულების თანახმად, უხსოვარ დროს, როცა ღმერთი დედამიწაზე კაცთა შორის ცხოვრობდა , გადაწყვიტა სამოთხიდან გაძევებული და მტანჯველი შრომისაგან დაქანცული კაცთა მოდგმის ცხოვრება უფრო საინტერესო და სახალისო გაეხადა. დიდი ფიქრისა და განსჯის შედეგად, ბოლოს გადაწყვიტა, ისეთი სასმელი შეექმნა, რომელიც კაცს მცირე ხნით მაინც დააბრუნებდა სამოთხეში. ანუ ღმერთმა ვაზი შექმნა და დააყენა ღვინო, რომელიც ყველას მოეწონა. (გიორგი იორამაშვილი, თიანეთის რაიონის სოფელი ზარიძეები); რაკი ღვინომ გაამართლა, ღმერთმა დედამიწაზე დაუწყო ძებნა ისეთ ადგილს, სადაც ვაზი უნდა გაეშენებინა, მრავალი ადგილი მოინახულა, მაგრამ, საბოლოოდ, არჩევანი ისეთ ადგილზე შეაჩერა, რომელიც სამოთხის ანალოგი იქნებოდა და ასეთი ადგილი ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო აღმოჩნდა.
როდესაც ღმერთმა ამ მიწაზე ვაზი დარგო, მოსავალი მოიწია, დაწურა და ღვინო დააყენა, ღვინოს სწორედ ის ღვთაებრივი თვისებები გამოჰყვა, რომელთა წყალობითაც ადამიანმა ღვთიური ნეტარება განიცადა და მისთვის სამოთხისაკენ ყველა დახშული კარი გაიღო ... ეს უძველესი და გულუბრყვილო ლეგენდა ნათლად მეტყველებს ვაზისა და ღვინის ქართულ წარმომავლობაზე და ღვინის უნიკალურ თვისებაზე, ფერი უცვალოს ადამიანს, გამოამჟღავნოს მის სულში დაფარული ვნებანი. ვაზი ქართველი კაცის სულია, სხეულია, რწმენაა და მარადიული ტრფიალების საგანი.
"იქნებ ვაზია სამშობლო ? აბა, დააკვირდით: თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაკრიფო, თუ მაღლარია - ცაში ხელაპყრობილმა. ორთავე საოცრად ჰგავს ლოცვას. ლოცვა კი ისე არაფერს არ უხდება, როგორც სამშობლოს" (ნ.დუმბაძე).
"მე ასე მჯერა, რომ ღვინო რომ არ იყოს, საქართველოც არ იქნებოდა. თუკი საქართველო რამეს უჭირავს, ერთ-ერთი ამათგანი არის ღვინო. იცინი სვამ, ტირი სვამ, სვამ დილიდან და ნაშუაღამევს. ღვინო აერთიანებს და აცალკევებს, ღვინო მალავს იმ დარდებს და აღვიძებს მსახიობობის სურვილს, ღვინო შვებასა გვრის ამტან კაცს და ეხმარება მას მოქნილ აზრთა დალაგებაში.
საქართველოში ყველაზე დიდი საოცრება არის ქვევრიდან ამოვარდნილი სურნელი. ამაზე კარგი, ამაზე ნამდვილი, ამაზე ბებერი და უბერებელი ჩვენს ქვეყანაში არაფერია. ღვინო უკვდავია და მასზე ვერავინ ამბობს უარს. ღვინო მარადიულია და მასში მთელი ქვეყნის პოვნა შეიძლება.“ (აკა მორჩილაძე).
მაშ, ვადიდოთ უფლის საჩუქარი - ვაზი და ეს ღვთაებრივი წმინდა მირონი - ქართული ღვინის მადლი !
კიდევ ერთი მითი: ყველას სმენია ლეგენდა კავკასიონზე მიჯაჭვულ ამირანზე (იგივე პრომეთე), რომელიც ღმერთებმა დასაჯეს. ამ მითს მრავალი ინტერპრეტაცია გააჩნია, რომელთა შორის ძალზე საინტერესოა სვანური ვერსია, რომლის თანახმად, ზევსმა ამირანი (პრომეთე) რომ დასაჯა, სვანეთში არსებულ ჭური-მთაზე მიაჯაჭვა. ეს კლდე იყო უზარმაზარი ჭური, რომელიც მუდმივად ღვინით იყო სავსე და ამირანი ასწლეულების განმავლობაში ამ უზარმაზარი ქვევრიდან მწვეთავი ღვინით საზრდოობდა. მთა-ჭურის ლეგენდა ყველაზე საინტერესოა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ღვინის დაყენების ტექნოლოგია მართლაც უძველესია." (გიორგი მალხაზიშვილი).
ერთი გლეხი ბრძენთან მივიდა: "მითხარ, ბრძენო, როდის ვიქნები მოსვენებულიო ?" ბრძენი დაფიქრდა და უთხრა: "როცა სამოსხლოზე დაბერდებიო"... გაუკვირდა გლეხს: "ეგ როგორაო ?" - "შემოდგომა დადგება და მიხვდებიო !" - იყო ბრძენის პასუხი. გაოცებულმა გლეხმა ვერაფერი გაიგო, გაბრუნდა და წავიდა.
მთელი წელიწადი მუხლჩაუხრელად შრომობდა გლეხი, ოფლს ღვრიდა და თან ზეცას შეჰყურებდა, ლოცულობდა, რომ ავდარს არ მოესპო მისი ნაშრომ-ნაღვაწი. პურისა და სიმინდის ყანა მოიყვანა ისეთი, უფლის თვალი შიგ ტრიალებსო, იტყოდა მნახველი, ბაღში ხეხილი ნაყოფით დამძიმდა და დაიხუნძლა, ზვარში ვაზი ყურძნის სიმძიმით წელში გაიზნიქა და ქარვისფერი მტევნები მზეზე წითლად ღუოდა ... ხარობდა გლეხი, რომ შრომამ შედეგი გამოიღო და მოსავალი უხვი და საქებარი ექნებოდა, მაგრამ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. ისეთი სეტყვა მოვიდა, მთლიანად გაანადგურა მოსავალი და გლეხი ცარიელ-ტარიელი დატოვა. ცოლ-შვილს შიმშილისათვის ხომ ვერ გაიმეტებდა? – ადგა და კარ-მიდამო გაყიდა და სამადლოდ ნათლიდედას შეეკედლა. მაშინ კი მიხვდა ბრძენის ნათქვამს: "მოსვენებული მაშინ იქნები, როცა სამოსახლოზე დაბერდებიო! მაგრამ რაღა დროს ?!
ქართველი კაცი ზოგადად ლხინისა და სტუმრის მოყვარულია, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ ახარებს მასპინძლობა, როცა წლის მონაგარს დააბინავებს, ბეღელს აავსებს პურით, ყურძენს დაწურავს, ღვინოს დააყენებს და მარანს "მრავალჟამიერით" ააგუგუნებს. შრომა მუდამ თანამდევი იყო ქართველისა, რომელსაც პატიოსანი გარჯა აკეთილშობილებდა და ამაყსა და ლაღს ხდიდა: "გლეხკაცის საფიცარი - ღმერთია დაუსაწყისი, ცა-მზე, დედამიწა ულეველი, უშრეტელი, ყანის ნუხლი, ვაზის დედა, მებაღის ნობათი, ხარის ქედი, აკვნის ფიცარი, წისქვილის დოლაბი, სიმინდის ფრჩხილი, ახალ-ნერგი, რქაგადახვეული ყოჩი, მინდვრის თაგვი, აბრეშუმის ჭია, ქარფეხა ცხენი, ფუძნარი, გუთანი და ხმალი, ჰე ვინ იცის, კიდევ რამდენი ?" (გიორგი ლეონიძე) .
ქართველი შრომაში პოულობდა ბედნიერებასა და ლხენას და ალალი შრომით მოპოვებულ სარჩოს უშურველად ხარჯავდა მასპინძლობაში. მაშ, მოდი, წლის მოსავალს, ჩვენს ბარაქას გაუმარჯოს, ასე რომ გვალხენს და გვახარებს, სამოსახლოზე რომ დაგვაბერებს და ჩვენი ჯიშ-ჯილაგს მომავლის იმედს განუმტკიცებს ! ამ მადლიანი ღვინით დავლოცოთ დედა-ბუნება - ჩვენი ბარაქის მშობელი და მფარველი !
მშრომელ კაცს გაუმარჯოს, მის შრომასა და ჭირნახულს !
ერთ ოჯახში დიდი წვეულება გაიმართა, რომელიც დილამდე გაგრძელდა, შეისვა უამრავი ლამაზი სადღეგრძელო და სტუმარ-მასპინძელმა ერთობ მოილხინა. მასპინძლებმა შეზარხოშებული სტუმრები მოასვენეს და როცა გათენდა, უმშვენიერესი პეიზაჟი დახვდათ მოქეიფეთ: ღამით თოვლი მოსულიყო და თეთრად გადაეპენტა არე-მარე. ყველა სტუმარს მშვიდად ეძინა, მაგრამ პირველ თოვლს აშკარად ეტყობოდა მსუბუქი ნაფეხურები. გაოცდა მასპინძელი: სახლიდან არც არავინ იყო გასული და არც შემოსული ... და მაშინ მიხვდა რომ ფუძის ანგელოზის სადიდებელ-სამადლობელი დავიწყნოდათ და განაწყენებული ანგელოზი ადრიანად წასულიყო სახლიდან. ეს გულუბრყვილო ამბავი, ადამიანის შემოქმედი სულის ნაყოფი, ხატოვნად მიგვანიშნებს ქართველი კაცისათვის ფუძის ანგელოზის მნიშვნელობაზე და დიდაქტიკური მისიაც აკისრია ლხინის ყველა მოყვარულისათვის, ამიტომაც არადროს არ უნდა დავივიწყოთ, მადლობა შევწიროთ სახლის მფარველ კეთილ ანგელოზს, როგორც ოჯახური კერის სიმშვიდისა და ძლიერების მფარველსა და მოდარაჯეს.
ქართულ ლიტერატურაში უხვადაა პოეტური თუ პროზაული მაგალითები ქართულ ვაზთან, მარანთან, სუფრასთან და თამადის ინსტიტუტთან დაკავშირებით, სადაც მხატვრულადაა ასახული ამ ფენომენთა მნიშვნელობა ქართველი ერისათვის.
"გოგლაურა" (გიორგი ლეონიძის მიერ თქმული)
გიმრავლოს აკვნის ფიცრები, გიცოცხლოს სამარგალიტო ყმაწვილები, გიცოცხლოს დანუკრებული, თვალგიშერა, იისთვალება ქალიშვილები, ნარჩევი, ლამაზები, თვალცეცხლი ტალიკი ბიჭები. გიმრავლოს და გიბედნიეროს! გიცოცხლოს ფუძე და კერა, ადგილის დედა, ტკბილ ქართული დედა ენა! გიცოცხლოს ვაზის დედა ყანის მზეკაბანი. სულ თავს დაგნათოდეს გამარჯვების მზე, სულ ჰყვაოდეს შენი სიჭაბუკის ყვავილი. შენი მტევანდასმული ვაზი, დაუშრეტელი რძით სჩქეფდეს შენი მიწის ძუძუ, გიცოცხლოს მეკვლე, მეჭაშნიკე, მახარობელი, მოერთჯამე, ძმა და მეგობარი, მეუღლე სიყვარულისა, ია მომგონებელსა, ვარდი მახსენებელსა, გიცოცხლოს წინაპართა დიდი სახელი, არწივზე დამდგარ გმირთა, სამშობლოს დამცველთა სახელი. შინმოუსვლელთა, ტყვიასხმულთა, ჭრილობამიღებულ სამშობლოსათვის სისხლდანთხეულთა ხსენება მუდამ გვედიდებინოს ! სულ ელავდეს ბედაური ოქროს ენა შენი პოეტებისა, ოქროს ძაფზე დათვლილიყოს ახალ-ახალი ლექსები, მუდამ ისევე გვესმოდეს სეფე-სიტყვა რუსთაველისა, - დიდება სახელსა მისსა. ნურც გაგვცდენოდეს ქართველებს ტყავი ვეფხისა! გიმრავლოს მეწველი ფური, რქად აქნილი ჭედილა, არ გამოლეოდეს შენს ტყეებს რქამაღალი ირემი, შენს ჭაობებს ტურფა ხოხობი, შენს მდინარეებს დაჩითული კალმახი!
გაუმარჯოს შენს სუფრას! სულ სადღეგრძელოდ ყოფილიყოს ავსებული მამა-პაპეული ჯამი, ყანწი, ფიალა, კვანჩხა, კათხა, ფარფალა, აზარფეშა, სულ დღეგრძელობასა და სიხარულში შესულიყოს სულ მოსალხენად! ქართველო ერო! იყავი ძლიერი, ლაღი! ბედნიერი კერა, ოჯახი, სამშობლო და გებედნიეროს! თაფლის სიტკბოთი შეგერგოს ახალი წელი, სულ გამარჯვებასა, მზეგრძელობასა, სიყვარულში და დაუღალავ სიხარულში!
გოდერძი ჩოხელი
მღვრიემდე გაგვიმარჯოს,
აყაყანებულ ქორწილის სუფრაზე შუახნის მოხევემ სუფრის თამადას ერთი სადღეგრძელოს თქმის უფლება სთხოვა და თანხმობა მიიღო. თამადა ფეხზე წამოდგა, ჩანგალი თეფშზე დააწკრიალა, რომ ხალხის ყურადღება მიეპყრო და გამოაცხადა:
- ხალხო, ჩვენ მოხევეს სადღეგრძელოს თქმა სურს, თუ შეიძლება მოვუსმინოთ !
მოხევის გაგონებაზე ახმაურებული მექორწილენი უცებ გაჩუმდნენ და ყველამ იქეთ გაიხედა, სადაც მოხევე წამოდგა და განსხვავებული სასმისი მოითხოვა.
რატომღაც ყველა მოელოდა, რომ მოხევე ხევის მთებივით მაღალი და მხარბეჭიანი იქნებოდა. მათ წინ კი შუახანს მიღწეული, გამხდარი, დაბალი ტანის კაცი იდგა. თუმცა სიგამხდრე და სიდაბლე სიჩიავის შთაბეჭდილებას არ უტოვებდა მოხევეს. პირიქით, ამ ხალხში იგი გამოირჩეოდა კიდეც თავისი დგომით, მზერით, რომელიც მისი მკვირცხლი თვალებიდან გამოკრთოდა, და დაძარღვული სხეულით. იგი ღვედივით მოქნილი ჩანდა და სასმისის მოლოდინში მთის ფოცხვერივით იყო გაყურსული.
კახური ღვინით გავსებული ჯიხვის რქა მოართვეს მოხევეს, რომელმაც ყანწი ჩამოართვა მომწოდებელს და ორივე ხელით მაგრად ჩაბღუჯა. სიტყვის თქმამდე რამდენიმე წამს უფრო დაიძარღვა და გაიყურსა, როგორც ავაზა გაიყურსება ხოლმე ნადირობის ჟამს. თითქოს სადღეგრძელოს თქმისათვის კი არა, ნახტომისათვის ემზადებოდა მოხევე.
ხალხიც უფრო გაისუსა. ისინი მოხევისაგან მოელოდნენ, რაღაც დიდ მჭერმეტყველებას, სადღეგრძელოს, რომელიც სავსე იქნებოდა მთის ყვავილებივით ლამაზი სიტყვებით. მოხევემ კი სულ რამდენიმე სიტყვით წარმოთქვა სადღეგრძელო:
- ხალხნოო ! მოდი, მღვრიემდე გაგვიმარჯვას! - თქვა ეს და ყანწის მოყუდება დააპირა.
- თუ შეიძლება, ვერ გავიგეთ?! - მიმართა თამადამ და მოხევემ ყანწი ტუჩებიდან მოიშორა.
- იქნებ გაგვიმარტოთ, რა სადღეგრძელო თქვით, ვერაფერი ვერ გავიგეთ, - ზრდილობიანად, მაგრამ აშკარად დამცინავად მიმართა თამადამ.
მოხევემ იმწუთას იგრძნო თამადის დამცინავი ტონი და ხალხს მიმართა:
- ხალხნო, ვერც თქვენ გაიგეთ ?
- ვერა, ვერა, ვერ გავიგეთ ! - წამოიძახეს აქეთ-იქიდან.
- კარგით, მაშინ გრძლად გეტყვით, რაღა იქნება, - თქვა მოხევემ, ერთ ხანს ისევ გაისუსა და დაიწყო:
- ღმერთის მადლმა და ქვეყნის მადლმა, აი, ამ პურ-ღვინის მადლმა, გული არ მეცინის, ძრიალ მიყორს ჩვენი სამშობლო. იმისი მთაც და იმისი ბარიც. მთა ბარით არის და ბარი - მთით, როგორც კაცი - კაცით. ძრიალ მიყორს ჩვენი ბუნება, მაგრამ ერთ რამეჩი უნდა გამაგიტყდეთ: ხანდახან ვნადირობ, ჯიხვებსა ვხოცავ. ეს იცოდა მთელმა ხევმაც და კაკებეს რომ ეძახდნენ, იმათაც. მაგზავნილიც მყვანდნენ სათვალთვალოდ კაცები, მაგრამ ეგრე იოლად მთაჩი ნადირს ვინ დაუდგება და თერგჩი კიდევ - კალმახსა. ეგრე ვიყავ მეცა. სახლში თოფს როგორ მოვიტანდი და ნანადირევს კიდავ დღისითა. ვფხიზლობდი, ისე ვხოცდიკე ჯიხვებსა.
ერთხელაც, დილაადრიან, მაშინაი მაადგა ჩემს სახლსა. დამიძახეს. გამოვე გარეთა.
- სანადიროდ უნდა შახვიდე, - მეუბნება ბრძანების კილოთი ერთ-ერთი. მივხვდი, ვინც იყვნენ.
- რაი სანადიროდ, ან თოფი სადა მაქვს, ან ნადირობისა რა გამეგება ?! - გავიკვირვე ყასიდად.
- აი თოფი და ნადირობა რო იცი, იმიტომ მოცედით შენთან. სასწრაფო საქმეა, თვითმფრინავი გველოდება თბილისში, რამდენიმე საათში ჯიხვი უნდა ჩამოგვიტანო მთებიდან და სხვა ქვეყანაში უნდა გავგზავნოთ თვითმფრინავით დიდი კაცის დაბადების დღეზე.
მაშინ კომუნისტები რო იყვნენ და აღარ ვიცი, რომელ ქვეყანაჩი აგზავნიდნენ ჯიხვს, მგონი ტიტოს, ან თუ არ ვცდები, ჩაუშესკუს რო ეძახოდნენ, მგონი, ერთ-ერთის დაბადების დღეზე. ეს იმიტომ გამიმხილეს, რომ მე გამეგო, რამდენად სერიოზულ საქმეზე იყვნენ ჩემთან მოსულნი, დავნდობოდი და რაც შეიძლება ჩქარა ჩამამეტანა მთებიდან ჯიხვი.
შავბრუნდი შინა, უცებ გავემზადე. ან რაი გამზადება მინდოდა, წრიაპები ავიღე და გამოვე. ჩავსხედით მაშინაჩი, ჩავედით დარიალას, გავაჩერებინე ხდის ხეობის ასასვლელში, ავიღე იმათ მატანილი თოფი და შაუყევ აღმართსა. ზურგითა ვგრძნობ, რო დურბინდით შამამცქერიან მაშინაიდან. უფრო ავუჩქარე ფეხსა, თან თოფს ვათოლიერებ გზადაგზა. ჩემ სიცოცხლეჩი ესეთი თოფი არ მინახავს, არა მჭერია ხელჩია. სამიზნის ზემოთ დურბინდი ჰქონდა, რო გავხედე, ეგრე გამოჩნდა შიგ ხდის მწვერვალები, როგორც ხელისგულზე - თითები. ერთ ალაგას ჯიხვები შევამჩნიე და იქით ავუყევ აღმართსა. ვჩქარობ, რაკი თავს ვიდევ ეს საქმე, ხალხი არ მინდა გავაწბილო. ჯიხვებმა დამინახეს და დაფრთხნენ, ჭიუხის კანჭახებს აუყვნენ აღმა. გული ამოვარდნასა მაქვს, ისე შავრბივარ. მამწყურდა წყალი, პირი მიშრება. უცებ, ჩემს წინ, კლდეში წვეთ-წვეთად მომავალი სისველე დავინახე. კლდიდან გამომავალი წყლის წვეთები ხელისგულჩი ჩავიგუბე და დავეწაფე. დამიამდა სიგრილით გული. ჩემი ხელისგულიდან კლდეზე ჩამდინარე წყლის წვეთებს თოლი გავაყოლე ქვემოთ და რას ვხედავ? ის წყლის წვეთები სხვა წვეთებს ერთვიან, მრავლდებიან, ნაკადულს ქმნიან და ბროლივით მიიმსხვრევიან კლდეზე. გზადაგზა კიდევ ასეთივე ნაკადულები უერთდებიან და ხდის ხეობაში იყრებიან ერთადა. მყინვარის შუბლივით თეთრი და სუფთა მიდის ქვემოთ ხდის წყალი. მიდის, ისიც ბროლივით მიიმსხვრევა. თოფზე დატანებული დურბინდით ჩავცქირე ამ წყალსა და ელდა მეცა - დავინახე, თითქოს პირველად მენახოს, როგორ უერთდება ეს სუფთა და კამკამა წყალი მღვრიე თერგსა. ერევა და ცოტა ხანს თეთრ ზოლად მისდევს, არ უნდა ამღვრევა, სისუფთავე სწადია, მაგრამ მეტი გზა არა აქვს, ისიც თერგივით იმღვრევა მალედვე.
გული დამწყდა.
ჩამოვჯექ.
რაი ვქნა, არ ვიცი. შამნანდნენ ჯიხვები სასიკვდილოდ. ჩავცქირე დურბინდით და დავინახე მაშინაი.
ავდექი და ხელცარიელი წამოვე ქვემოთა. ჩავაბარე თავის თოფი. მონუსხული მზერით შამამყურებდნენ.
- თუ არ შეგეძლო, გეთქვა და სხვას ვეტყოდით, - მეუბნება ერთ-ერთი.
- უთხარით მერე, მონადირეების მეტი რაია.
- ეხლა რაღა დროსია, დაგვაგვიანდა, - ჩაიბუზღუნა ისრივ იმ კაცმა, ჩასხდნენ მაშინაჩი და წავიდნენ. მე იქვე დამტოვეს, დარიალასა. არც წავყებოდი, ხდის წყალთა ყოფნა მერჩია. ჩავყევი ბროლივით თეთრ ნაკადულსა, მივე იმ ადგილას, სადაც მღვრიე თერგს უერთდებოდა, ჩავიჩოქე და წყალს იმ ადგილას ვაკოცე თეთრ ყელჩი, რომლის იქითაც მღვრიე იწყებოდა. ჩემი ბალღობა გამახსენდა და ტირილი მამინდა. ბალღები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული. თანდათან ცოდვებით მღვრიე ცხოვრებას ვუერთდებით და იმადა. იმ ხდის წყალივით მეტი გზა არა გვაქვს. პეშვით შავსვი სუფთა წყალი და წამოვე. იმ დღის მერე ვსვამ ამ სადღეგრძელოს, რაიც იმ გაგებაჩი გამაიხატება, რომ მანამ სული სუფთა გვაქვს, გული სუფთა გვაქვს, სუფთა საქმეებს ვაკეთებთ და ისე არ ავიმღვრევით, რო ვეღარ ვგებულობთ, საით მივდივართ, რატო და რისთვის მივდივართ, მანამდე გაგვიმარჯვას. მღვრიემდე გაგვიმარჯვას! - თქვა მოხევემ და ჯიხვის რქა მოიყუდა.
ერთ წუთს სიჩუმე ჩამოვარდა.
მერე მთელი ხალხი ფეხდაფეხ წამოდგა, დიდიან პატარიანად და თითქმის ერთხმად დაიძახეს:
- მღვრიემდე გაგვიმარჯოს !
იმ წუთას ყველამ თვალნათლივ დაინახა, როგორ უერთდებოდა ბროლივით თეთრი ხდის წყალი მღვრიე თერგს და ცდილობდა, არ ამღვრეულიყო.
ეტყობა, უმეტესობას თავის ბავშვობა გაახსენდა და იმ თეთრად მომდინარე ნაკადულს შეადარეს იგი.
მოხევე დიდხანს არ დარჩენილა, რდგან აქეთ-იქიდან თხოვნით შეაწუხეს, კიდევ ეთქვა რაიმე სადღეგრძელო. ეს თამადის შეურაცხყოფად ჩათვალა და წასვლა ამჯობინა.
- მაპატიეთ, უნდა დაგტოვოთ, მთაჩი მეჩქარება, აუცილებლივ უნდა წავიდე, - თქვა მოხევემ, ნეფე-პატარძალს პირჯვარი გადასწერა, თვითონაც პირჯვარი გადაიწერა და საქორწილო დარბაზიდან გავიდა.
იმწუთას ნეფე-პატარძალი ხდის ბროლივით თეთრ ნაკადულს ჰგავდა.