Marani Logo

ჩვენი მარანი

მუდმივი ძიება და  სიახლისკენ სწრაფვა არის თელავის ღვინის მარანის განვითარების და წინსვლის  განუყოფელი ნაწილი მისი დაარსებიდან დღემდე. თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი უჟანგავი ფოლადის რეზერვუარები, პნევმატიური წნეხები, ნაზი ზემოქმედების ტუმბოები და სრული ტემპერატურული კონტროლის სისტემა მუხის კასრებთან, ისტორიულ და ახალ თიხის ქვევრებთან ერთად ერთიან და დასრულებულ სახეს აძლევს  ჩვენს  მარანს.

 
ჩვენი მარანი რამოდენიმე განყოფილებისაგან შედგება: ახლად მოკრეფილი ყურძენი გადასამუშავებლად მიდის მიმღებ განყოფილებაში, სადაც ხდება კლერტის გაცლა, გამოწურვა, ყურძნის გაცივება და ა.შ. მას აღმოსავლეთით ემიჯნება ფილტრაციისა და სტაბილიზაციის განყოფილებები, სადაც რთველის დროს ზოგიერთი ტიპის ღვინის  პირველადი ფილტრაცია ტარდება. დასავლეთის ფრთა უკავია  თეთრი ღვინის და დავარგების განყოფილებას, დასაწმენდი და სადუღებელი რეზერვუარებით, კასრებითა და ენოლოგიური საწყობით. დიდი მარნის წინ განთავსებულია წითელი ღვინის სადუღარი ცისტერნები და რეზერვუარები ცივი მაცერაციისთვის. ზამთრის პერიოდში ამავე ცისტერნებში ინახება ღვინო, სადაც ბუნებრივი სიცივის მეშვეობით მიმდინარეობს მათი სტაბილიზაცია.  დიდი მარნის აღმოსავლეთით განთავსებულია ღვინის ბოთლში ჩამოსასხმელი და სამაცივრე განყოფილებები. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ღვინის სასურველ ტემპერატურაზე შენახვას და დავარგებას ზაფხულის ცხელი თვეების განმავლობაში. ჩვენი ბოლოდროინდელი სამშენებლო პროექტი, ორსართულიანი მარნის მშენებლობა, დასრულდა. დარჩა მხოლოდ მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ახალი მარნის ფასადურ ნაწილს დაიკავებს საპრეზენტაციო ჰოლი სტუმარების და ტურისტებისთვის, სადაც ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს კომპანიის და ქართული ღვინის ისტორიას, ასევე დააჭაშნიკოს და შეიძინოს ღვინოები. ამავე შენობაში განთავსდება ღვინის ჩამოსასხმელი ახალი საამქრო, მზა პროდუქციის  და დამხმარე მასალების საწყობებით. ახალი მარანის მიწისქვეშა საცავი უკვე ფუნქციონირებს იდეალური ტემპერატურული რეჟიმით წითელი და თეთრი ღვინის დასავარგებლად. ახალ კომპლექსს დასავლეთით ემიჯება ჩვენი ძველი, 1915 წელს დაფუძნებული მარნის შენობა, კომპანიის ადმინისტრაციული კორპუსი, ღვინის ლაბორატორია, პატარა კოპწია ვენახი და მარადმწვანე ბაღი ალაზნის ველის თვალწარმტაცი ხედებით.